ოჯახის რჩენის სურვილით დაწყებული მცირე ბიზნესი, დღეს ოთხი ბრენდული მაღაზიის მრავალი ფილიალითა და 300-მდე დასაქმებული ადამიანით ერთ ჰოლდინგად არის გაერთიანებული. პარფიუმერული ქსელის „ლუტეცია ჯგუფის“ დამფუძნებელს და გენერალურ დირექტორს ბატონ ვახტანგ ფხაკაძეს ყოველთვის სურდა შეექმნა წარმატებული კომპანია, რომელიც თავისი სიტყვისა და პრინციპების ერთგული იქნებოდა, თუმცა აქამდე გასავლელი გზა მარტივი არ ყოფილა და რომ არა მისი შეუპოვარი ხასიათი და საქმისადმი ერთგულება ალბათ ვერასოდეს იარსებებდა მსოფლიოს მოწინავე ბრენდების სუნამოების, კოსმეტიკისა და თავის მოვლის საშუალებების კომპანია, რომელიც მომხმარებელმა დიდი ხანია მიიღო და შეიყვარა.

20 წელზე მეტია რაც „ლუტეცია ჯგუფი“ წარმატებით ოპერირებს „ლუტეციისა“ და „ივ როშეს“ ქსელებით, ასევე ბოლო პერიოდში დამატებული პროფესიონალური კოსმეტიკის ბუტიკი „მაკი“ და „არომატეკა“. რამდენად რთული იყო ამ სფეროში თავის დამკვიდრება და რა არის თქვენი წარმატების საიდუმლო?

განათლებით მათემატიკოსი ვარ, ვმუშაობდი კვლევით ინსტიტუტში და ვაპირებდი ამ პროფესიას გავყოლოდი, თუმცა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დადგა საკითხი თუ როგორ უნდა გვერჩინა ოჯახები, როგორ უნდა გვეკეთებინა საქმე რაც ფულს გვაშოვნინებდა და ამასთანავე სიამოვნებას მოგვანიჭებდა. ამ დროს ჩემი მეგობარი და პარტნიორი გადავიდა საფრანგეთში საცხოვრებლად და ისე მოხდა რომ ჩვენ თვითონ დავიწყეთ ფრანგული პარფიუმერიის წარმოება. ეს არ იყო ნომინირებული სამუშაო დღეები, ვმუშაობდით ხარისხზე და ყველაფერს ვაკეთებდით, რომ რაღაც ახალი გაგვეგო და გვესწავლა, რადგან ჩვენთან მსგავსი არაფერი კეთდებოდა.

საფრანგეთში პირველად 1991 წელს ვიმოგზაურე, შემდეგ 3 წელი ვიცხოვრე პარიზში და საბოლოოდ გავიჟღენთე ამ ქალაქის სიყვარულით. ბავშვობიდან მესმოდა, რომ პარიზი და თბილისი ერთმანეთს ძალიან ჰგავს, ამაში თავად დავრწმუნდი, თუმცა პარიზის სილამაზე უფრო მასშტაბურია. სწორედ ჩემი იქ ცხოვრების პერიოდში ჩაეყარა საფუძველი იდეას, რომ საქართველოში გაგვეკეთებინა ქსელი, რომლის სახელი იქნებოდა პარიზთან დაკავშირებული, ცოტა საიდუმლო და ინტრიგა. ამიტომ ავირჩიეთ „ლუტეცია“, პარიზის ძველი სახელწოდება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ლუტეცია იწერებოდა როგორც LUTETIA, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ქართულად არ ჟღერს კარგად, ოდნავ შევცვალეთ და LUTECIA დავაწერეთ.

ჩემთვის ძალიან დიდი ჯილდო იყო, როდესაც საფრანგეთის ელჩმა მადლობა გადამიხადა და მითხრა, რომ ძალიან გახარებულია, რომ საქართველოში კიდევაა მის გარდა „ელჩი“, რომელიც საფრანგეთის ისტორიას აცნობს ხალხს. საამაყოა და მიხარია, რომ ჩემი ცხოვრება საფრანგეთს დავუკავშირე, ძალიან ბევრი მეგობარი მყავს იქ და ბევრთან მაქვს არამარტო ბიზნეს ურთიერთობა, არამედ მეგობრული და ნათესაური კავშირები.

რაც შეეხება წარმატების საიდუმლოს, მე ბოლომდე მივყვები საქმეს და სულ ვფიქრობ, რომ საბოლოო გამარჯვებამდე ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. მთავარია საქმის სიყვარული და როდესაც მიზანს დაისახავ, იმ მიზნისკენ შეუპოვრად უნდა იარო. ჩემს ცხოვრებაში მქონდა მომენტები, როცა მიფიქრია თავი დამენებებინა გარკვეული საქმისთვის, მაგრამ ცხოვრება ასეთია და იმ მომენტში სწორად შეფასება უნდა შეგეძლოს. თუ გიყვარს საქმე არ მიატოვებ და მიყვები ბოლომდე.

თავდაპირველად გამოჩნდით ფრანგული ბრენდებით, რატომ შეარჩიეთ მათზე არჩევანი და როგორია ზოგადად ფრანგული კულტურა ამ სფეროში?

ნებისმიერი ქვეყნის პარფიუმერულ მაღაზიაში, სადაც არ უნდა მიხვიდეთ, ფრანგული პროდუქცია ნდობას იმსახურებს. ფრანგებს შეუძლიათ სიტუაციის გამოყენება და თავის სასიკეთოდ გადაჭრა. ამის კარგი მაგალითია პარფიუმერიის განვითარება საფრანგეთში, სადაც სახლები რომ შენდებოდა კანალიზაცია არ იყო და ნაგავს ფანჯრიდან ისროდნენ, სწორედ ამ სუნის ჩასახშობად წამოვიდა წინა პლანზე პარფიუმერიის ინდუსტრია.

პარფიუმერია თავიდან იყო მხოლოდ სუნამო, მაგრამ მოდის ინდუსტრიის განვითარებსათან ერთად ეს გახდა სარეკლამო საშუალება. მაგალითად ყველას არ შეუძლი „CHANEL-ის ტანსაცმელი შეიძინოს, მაგრამ მისი სუნამო უფრო ხელმისაწვდომია ფართო მასებისთვის. ასევე თავის მოვლის საშალებები, ავიღოთ „ESTEE LAUDER“ ბრენდი გამოჩნდა მოვლის პროდუქციით, მაგრამ უფრო ვრცლად რომ გასულიყო მასებში, გამოუშვა თავისი სუნამოები. გარდა იმისა რომ ის სასიამოვნოა, სუნამო ყოველთვის ეხმარება ბრენდს სახელის ცნობადობის გაზრდაში. ჩვენს ქსელში შეიძლება ნახოთ ბრენდები, რომელსაც 250 წლის ისტორია აქვს, როგორიცაა „CREED“ მიუხედავად იმისა, რომ „KILIAN“ ათი წლის ბრენდია, ის წარმატებულია, „MEMO“ – ფრანგული ბრენდი, რომელიც ფრანგმა ცოლ-ქმარმა შექმნა ასევე ათი წლის წინ, მაგრამ წარმატებულია. ამ ბიზნესის დიდი კულტურაა საფრანგეთში და მშურს, რომ მათ უფრო მეტად უყვართ თავიანთი ქვეყანა ვიდრე ქართველებს, ფრანგების 90% ცდილობს, რომ ფრანგული პროდუქცია შეიძინოს, მინდა ეს ჩვენც გადმოგვედოს, და საქართველოში იქმნებოდეს ქართული პროდუქცია, ქართველი კი მომართული იყოს მის შესაძენად.

მოგვიყევით როგორ მოხდა რომ „ლუტეციას“ ქსელში ამდენი ცნობილი ბრენდი გაერთიანდა?

თავიდან დაწყება რთულია, მაგრამ როდესაც უკვე გაქვს პროდუქტი საქმე შედარებით მარტივდება. პირველი ბრენდი, რომელიც ავიღეთ იყო „SALVADOR DALI“-ი და მისი დისტრიბუცია რუსეთში დავიწყეთ, პარალელურად საქართველოშიც რუსთავლეზე ერთი მაღაზია – „ფრანგული სუნამოს სახლი“ გავხსენით და დავიწყეთ „SALVADOR DALI“-ის პროდუქციის წარმოჩენა, მას მოჰყვა „CLARINS“, „THIERRY MUGLER“ და ა.შ, ამ ყველაფერში კი ძალიან დაგვეხმარა „ლუტეციას“ ერთ-ერთი ძველი მეგობარი Mario Moura, შემდეგ კი, ამ სამ ბრენდს მოჰყვა სხვები. თუ „CLARINS“-მა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ითანამშრომლოს შენთან, აქ უკვე ჩნდებოდა ნდობის ფაქტორი სხვა კომპანიების მხრიდან. მინდა გითხრათ, რომ საფრანგეთში წარმატებულმა ბრენდმა „KILIAN“, რომელიც ძალიან ფაქიზია და ფრთხილობს პარტნიორის შერჩევაში, არჩევანი ჩვენზე შეაჩერა და მისი პროდუქცია ჩვენი ჯგუფის წევრ „არომატეკაშია“ წარმოდგენილი.

28 წელიწადი ამ საქმეში მაქვს ჩადებული და ყოველი ბრენდი რომელიც ჩემთანაა, ჩემია. ბევრი ბრენდია, ისეთი რომელიც უბრალოდ დევს მაღაზიაში და წელიწადში შეიძლება მხოლოდ ერთი გაიყიდოს, მაგრამ არ შემიძლია ერთი ხელის მოსმით გადავაგდო, როცა საქართველოში არის თუნდაც ერთი ადამიანი, რომელსაც სწორედ ის სუნამო უნდა. სწორედ ესაა ბედნიერება, რომ ჩვენ ყველას ვაწვდით მათთვის სასურველ პროდუქტს. არ მიყვარს სტატისტიკის ცქერა, რადგან ეს საქმე შემოქმედებაა ჩემთვის, ცხოვრების ნაწილია, ვამაყობ იმით რასაც ვაკეთებ.

საკმაოდ რთული პროცესია სუნამოს და პარფიუმერული საშუალების შერჩევა, რით უნდა ვიხელმძღვანელოთ ამ დროს?

რჩევა ძალიან ძნელია, როგორც დაავადების მოსარჩენად არ არსებობს ერთი საყოველთაო სქემა ისე აქ არ არსებობს ერთი კონკრეტული რჩევა. მცდარია აზრი, როდესაც ამბობენ, რომ 5 წელია ვხმარობ ერთი და იგივე სუნამოს, იმიტომ რომ მე ეს მიყვარს. სუნამო არის განწყობა, ხასიათი, აქსესუარი, გააჩნია სად მიდიხარ, ბიზნეს შეხვედრაზე, საღამოზე, კლუბში, ვახშამზე. არ შეიძლება ერთი და იგივე სუნამო ატარო ყველგან. როდესაც ვახშამზე მიდიხარ და მძაფრი სუნამო გასხია, ყველა იგრძნობს, მაგრამ ეს კარგი ტონი არ იქნება. ასეთ დროს მსუბუქი სუნამო უნდა დაისხა, რომ არ შეაწუხო სხვები, ესაა ეთიკა და ესთეტიკა. ამიტომ ყოველთვის როცა ადამიანი იმას ფიქრობს, რომ მის გვერდში მყოფები იყვნენ კომფორტულად, ეს პატივისცემის გამოხატულებაა და ურთიერთობაც მყარია და მარადიული.

მომხმარებელს ხშირად ანებივრებთ სიახლეებით კიდევ რას გვიმზადებს თქვენი ჯგუფი უახლოეს მომავალში?

წლების განმავლობაში შემოვიკრიბეთ მომხმარებელი, შევაჩვიეთ სიახლეებს და ახლა უკან დახევა არ შეგვიძლია, რასაც მივაჩვიეთ ის უნდა ვუკეთოთ, როგორც კი ისინი დაინახავენ რომ ამ გზას გადავუხვიეთ, მაშინ გამოვა ისე თითქოს ისინი შევიტყუეთ და ეხლა უნდა დავიპყროთ, ჩვენ მათ არ ვიპყრობთ, თანამოაზრეებად მოვიაზრებთ და გვინდა ჩვენ გვერდში იყვნენ, ესაა საზოგადოებასთან ურთიერთობა ჩემი აზრით. ჩვენ გვინდა, რომ ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე ვიყოთ, ჩვენი მიზანია არაა მხოლოდ სუნამოს გაყიდვა, გვინდა უფრო მეტი ემოცია და უკეთესი მოსმახურება შევძინოთ საზოგადოებას.

მიმდინარე წელს რამდენიმე პარფიუმერიიის დღე იგეგმება, უახლოესი აქტივობა კი დაგეგმილია 1 აპრილს ქავთარაძის ქუჩაზე მდებარე სავაჭრო ცენტრ „სით მოლში“ (ჰიპერმარკეტი გუდვილი) ერთ-ერთი ფრანგული ბრენდის დღე იქნება, ინოვაციური და ისეთი, როგორიც ჯერ არ ყოფილა.

რა განასხვავებს „ლუტეციას“ სხვა პარფიუმერული მაღაზიებისგან?

ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, რომ ვიყოთ ინოვატორები… პირველები ვიყავით, ვინც, დიდი ფორმატის მაღაზიები გავაკეთეთ, რათა კოსმეტიკური საშუალებების და სუნამოების დიფერენცირება მომხდარიყო. ამასთანავე, ჩვენთან ძალიან ბევრი ნიშ ბრენდი არი წარმოდგენილი, რომელიც არ არის ჩვენს კონკურენტებთან. მათგან კიდევ ის განგვასხვავებს, რომ ჩვენ უფრო მეტად გვიყვარს ისინი, ვიდრე მათ ვუყვარვართ, და მინდა რომ ეს იცოდნენ, რადგან ჩემი კონკურენტები არიან და ძალას მაძლევენ, რომ მე უფრო მეტი ვაკეთო.

ფრანგული პარფიუმერული ბრენდი „ივ როშე“ საკმაოდ ცნობილია მსოფლიო მასშტაბით, როგორ მოხდა მისი საქართველოში დამკვიდრება?

ძალიან ახლო ურთიერთობა მქონდა მის შემქმნელთან ივ როშესთან, ახლა მის შვილთან და შვილიშვილთან ვმეგობრობ. თავდაპირველად 1994-95 წლებში „ივ როშეს“ მოსკოვში გავუხსენი 3 მაღაზია და ამის შემდეგ დავიწყეთ საქართველოში, სადაც უკვე 13 მაღაზიით ვართ წარმოდგენილი, მაშინ როცა ბაქოში ოთხია, სომხეთში კი მხოლოდ ორი. შესაბამისად კომპანიიდან მივიღე წინადადება, რომ სათავეში ჩავუდგე „ივ როშეს“ კავკასიის რეგიონალურ ოფისს, რომელიც საქართველოში განთავსდება, და ეს სწორედ კარგი ქართულ- ფრანგული ურთიერთობის და ერთმანეთის მიმართ ნდობის შედეგია.

„ივ როშე“ ხარისხისა და ფასის ძალიან კარგი შეხამებაა. ადამიანს, რომელსაც უნდა თავს მოუაროს, ყველაფერი შეუძლია ამ მაღაზიაში ნახოს, რათა ესთეტიკური სიამოვნება იგრძნოს. მე ეს ბრენდი მისმა დამფუძნებელმა შემაყვარა და მერე იმ გუნდმა, რომელიც ემსახურება ჩვენს რეგიონს. იმდენად კარგი კოლექტივი ჰყავს „ივ როშეს“, და იმდენად დიდ დახმარებას გვიწევენ, (ყოველ გახსნილ მაღაზიაზე უფასოდ გვაწვდიან ავეჯს), რომ 4-5 ჯერ გავზარდეთ ამ ბრენდის ბრუნვა და დღეს კონკურენტი არ გვყავს. 2016 წლის სექტემბერში თბილისში ივ როშეს პირველი ახალი კონცეფციის მაღაზია გაიხსნა, რომელიც კიდევ უფრო ხაზს უსვამს ბრენდის დახვეწილობას და ხარისხს.

ბრენდის ასეთი განვითარებისათვის, განსაკუთრებით დიდი მადლობა მინდა გადავუხადო „ივ როშეს“ რეგიონალურ დირექტორს ჰენრი ბერნარდს, ასევე ჩვენს უშუალო კონტაქტს ანასტასია ტარაბაის, რომელიც კავკასიის რეგიონს კურირებს და მარია ოსტროუხოვას, ეს არის ის სამი ადამიანი, რომელიც ყურადღებას გვაქცევს და ნებისმიერ დროს როცა არ უნდა დაგვჭირდეს, ჩვენს გვერდით არიან, რაც მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here