10 მარტს „კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი – კავკასიური სახლის“ ორგანიზებით კონფერენცია „კონფრონტაციისა და თანამშრომლობის 25 წელი: საქართველო-რუსეთის და ურთიერთობების სხვა მოდელები“, გაიმართა. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ექსპერტებმა, როგორც საქართველოდან, ასევე პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან. კონფერენციაზე განიხილეს ურთიერთობის ის მოდელები, რომლებიც ბოლო 25 წლის განმავლობაში ჩამოყალიბდა, როგორც პოსტსაბჭოთა ქვეყნების, ასევე ევროპული ქვეყნებისა და რუსეთის ურთიერთობაში. ექსპერტთა საუბარი შეეხო შიდა დინამიკების ანალიზს, იმ სპეციფიკურ მხარეებს, რომლებიც განსაზღვრავს რუსეთთან ურთიერთობებს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ თემებზე გვქონდეს ჩვენს პარტნიორებთან და მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობა, იმიტომ, რომ საქართველოსთვის საინტერესოა იქ როგორ ვითარდება მოვლენები, რადგან ხშირ შემთხვევაში, ეს ყველაფერი ურთიერთკავშირშია და საქართველო-რუსეთის ურთიერთობებიც ვაკუუმში არ ვითარდება, ეს რთული მოზაიკის ნაწილია“, – განაცხადა „კავკასიური სახლის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი კანაშვილმა.

საქართველო-რუსეთის ურთიერთობის მოდელი ბოლო წლების განმავლობაში, შეჯამებული იყო კვლევაში, რომელიც „კავკასიური სახლის“ მკვლევარებმა ედიშერ ბაღათურიამ და რევაზ ქოიავამ წარმოადგინეს. ორნაწილიანი ნაშრომი მოიცავს საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე მიმდინარე ურთიერთობებს რუსეთის ფედერაციასთან.

„ფაქტობრივად, ეს მიმოხილვა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის მიმოხილვაცაა, რადგან რუსეთი ფიგურირებდა გასული მეოთხედი საუკუნის განმავლობაში საქართველოში მომხდარ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენებში. რუსეთთან ფუნდამენტური და მეტოქეობრივი განსხვავებებისა, ჩანს აუცილებლობა იმისა, რომ ამ უკანასკნელთან საჭიროა კეთილმეზობლური ურთიერთობა. ეს კარგად წარმოჩნდა 2015 წელს საერთაშორისო რესპუბლიკის ინსტიტუტის (IRI) მიერ ჩატარებულ გამოკითხვის შედეგში, სადაც მოსახლეობის 70%- მა რუსეთთან დიალოგის გაგრძელება მიიჩნია პრიორიტეტად 76%- მა კი საქართველოსთვის მთავარ საფრთხედ რუსეთი დაასახელა“, – აღნიშნულია კვლევაში.

კვლევაზე მომუშავეთა აზრი და კონფლიქტის შესაძლო მოგვარების გზები დასკვნაშია გაცხადებული: „თუ არსებობს საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების ჩიხიდან გამოყვანის რეალური სურვილი, მაშინ რუსეთმა, პირველ რიგში, უნდა გადააფასოს თავის მეზობლებზე უპირობო გავლენის თავსმოხვევის ცალსახა ამბიცია და დააფუძნოს ურთიერთობები ურთიერთპატივისცემასა და პარტნიორობაზე.“ მკვლევარები მიიჩნევენ, რომ ჩვენი ქვეყნის პრინციპულობა რუსეთთან მიმართებაში უნდა დამტკიცდეს გაზრდილი სახელმწიფოებრივი თვითშეგნებითა და მთავარი იდეალების ერთგულებით, როგორიცაა თავისუფლება, დამოუკიდებლობა და დემოკრატიული სტანდარტები.

კონფერენციის მონაწილეები საკუთარ მოსაზრებებს ღიად აფიქსირებდნენ და პრობლემის შესაძლო მოგვარების მოდელებსაც განიხილავდნენ. საკმაოდ მკაცრი ტონი პოლონეთის „ნიკოლოზ კოპერნიკის უნივერსიტეტის“ ასისტენტმა პროფესორმა, აგნეშკა ბრეციმ გამოიჩინა და გამოთქვა მოსაზრება, რომ მიმდინარე პრობლემები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანასა და რუსეთის ურთიერთობას ეხება, მომდინარეობს არა რუსეთიდან, არამედ ამ ქვეყნებიდან, რადგან სწორედ ისინი აძლევენ მას საშუალებას ასე თავისუფლად განახორციელოს თავის მიზნები, შესაბამისად საჭიროა პოლიტიკის გამკაცრება რუსეთთან მიმართებაში. „მთავრობის წევრებმა უნდა გააანალიზონ ის შესაძლებლობები, რომელიც გაგვაჩნია და ისწავლონ მათი ეფექტურად გამოყენება“-აღნიშნა პოლონეთის წარმომადგენელმა.

„უკრაინის მომავლის ინსტიტუტის“ დამფუძნებელმა, ტარას ბერეზოვეციმ, გამოსვლაში ღიად დააფიქსირა საკუთარი აზრი რუსეთთან მიმართებით და აღნიშნა, რომ რუსეთი არის ოკუპანტი ქვეყა- ნა. გაიხსენა 1991 წელი, როდესაც დაძაბულობა დაიწყო ამ ორ ქვეყანას შორის. ისაუბრა 2014 წლის 18 თებერვალს უკრაინაში მომხდარ რევოლუციაზე და დაგმო რუსეთის პოლიტიკა, როდესაც 2017 წლის 18 თებერვალს ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვით რუსეთის ტერიტორიაზე დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების პასპორტები აღიარეს.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, სხვადასხვა ტიპის ურთიერთობა ჩამოყალიბდა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში. ნაწილმა შეძლო ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია და ამის მაგალითია პოლონეთი, რომელმაც მოახერხა ნატოსა და ევროკავშირში შესვლა. ნაწილი ცდილობს ევროპული სამყაროს ნაწილი გახდეს, მათ გაცხადებული აქვთ პოზიცია, როგორც საქართველოსა და უკრაინის შემთხვევაშია. არსებობს ქვეყნები, რომლებმაც არჩია რუსეთთან დაახლოება, მათ შორისაა ყაზახეთი და ყირგიზეთი.

„აქედან გამომდინარეობს ამ კონფერენციის არსიც. ამ შეხვედრის მიზანია წარმოდგენილი მოდელების შედარება, გაანალიზება, სად რა წარმატება იყო, რა კუთხით, ან პირიქით, სად იყო ვარდნა, რა შეიძლება ერთმანეთისგან ვისწავლოთ.“- განაცხადა გიორგი კანაშვილმა.

პროექტის ორგანიზატორებს მიაჩნიათ, რომ ეს ღონისძიება მთავარ შედეგს დადებს, მოხდება რეალურად არსებული პრობლემების გააზრება. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყანაში ხშირად ხდებოდეს მსგავს თემებზე აქცენტების გაკეთება. გაშუქდეს მიმდინარე პრობლემები რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში და დაისახოს მისი მაქსიმალურად მოგვარების, გადაჭრის გზები, გავიგოთ სხვა, პოსტ-საბჭოთა ქვეყნების პოლიტიკური მიმართულებები, მათ მაგალითზე მოვახდინოთ სწორი მიდგომის შემუშავება, რათა მეტად გამყარდეს ჩვენი ქვეყნის მიერ გაცხადებული პოზიცია და მაქსიმალურად მოვახერხოთ დავუახლოვდეთ ევროატლანტიკურ სივრცეს.

სწორედ ამ ტიპის ურთიერთობებისკენაა მიმართული „კავკასიური სახლის“ აღნიშნული პროექტი, რომელიც მეოთხე წელია მიმდინარეობს და რამდენიმე კომპონენტი აქვს, მოიცავს როგორც დილოგის კომპონენტს ქართველ და რუს ახალგაზრდა ექსპერტებს შორის, ასევე ანალიტიკურ საქმიანობას, რაც გულისხმობს კვლევების ჩატარებას, ანალიტიკური სტატიების მომზადებას, სხვადასხვა ტიპის აქტივობას, მათ შორის საჯარო დისკუსიებსა და ლექციებს.

ავტორი: რუსუდან შენგელია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here