სენატში ირლანდიის მთავრობის წარმომადგენელი ევროკავშირის საკითხებში, სენატორი ნილ რიჩმონდი საქართველოს შესახებ ვებ-გამოცემა sluggerotoole-ზე განთავსებულ საკუთარ ბლოგზე საქართველოსთან ირლანდიის ბიზნეს შესაძლებლობების არსებობაზე ამახვილებს ყურადღებას.

სენატორი წერს, რომ 2016 წელს ძალაში შევიდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის 2014 წელს ხელმოწერილი ასოცირების შესახებ შეთანხმება, რომელიც მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას. ამ კუთხით მან ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ მიმდინარე წლის თებერვალში ირლანდიაში საქართველოს საელჩომ, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ირლანდიის სავაჭრო პალატასთან პარტნიორობით გამართა პრეზენტაცია საქართველოს ბიზნესისა და საინვესტიციო გარემოს შესახებ. გარდა ამისა, ირლანდიაში ჯერ კიდევ მიმდინარეობს საქართველოს, როგორც სავაჭრო და საინვესტიციო პარტნიორის პოტენციალის შესახებ გამოფენა.

ნილ რიჩმონდმა აღნიშნა, რომ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება ზრდის ხელმისაწვდომობას ევროპულ და ქართულ ბაზარზე, რაც დაფუძნებულია რეგულაციების უკეთეს თანხვედრაზე. ევროკავშირი საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორია.

„საქართველო რეგიონში ბაზრის კარიბჭეს წარმოადგენს, რადგან მას აქვს თავისუფალი ვაჭრობის ფართო ქსელი, მათ შორის თურქეთთან, შუა აღმოსავლეთთან, ყურის გარკვეულ ქვეყნებთან და სულ უახლოესი წარსულიდან – ჩინეთთან“, – წერს სენატორი.

სენატორი განმარტავს, რომ ქვეყანაში მოქმედებს 0 პროცენტიანი საგადასახადო სისტემა, საქართველოში მრეწველობის შექმნის მიზნით ინვესტიციების მოსაზიდად. გარდა ამისა, აღნიშნულია, რომ ქვეყანაში სტაბილური საბანკო სექტორია, რომელსაც არ აქვს რაიმე სახის აკრძალვა ვალუტის კონვერტაციაზე და რეპატრიაციაზე, რაც თავის მხრივ მიმზიდველს ხდის მას, როგორც ლიბერალურს და ბიზნესისთვის ხელსაყრელს. საქართველოში კორპორატიული გადასახადი 15 პროცენტია. აქვე აღნიშნულია, რომ საქართველო 2000 წლიდან მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრია. ხოლო ევროკავშირთან საქართველოს უვიზო მიმოსვლა ძალაში 2017 წლის მარტში შევიდა.

რიჩმონდი ყურადღებას ამახვილებს ფარმაცევტულ და სასოფლო-სამეურნეო და საკვებ, ასევე სამშენებლო სფეროებზე და აღნიშნავს, რომ ამ კუთხით საქართველოსა და ირლანდიის საწარმოებს შორის თანამშრომლობის დიდი პოტენციალი არსებობს, ისევე როგორც ირლანდიური კომპანიებისთვის, რომელთაც შეუძლიათ გამოიყენონ საქართველოს ბიზნეს კარიბჭის სტატუსი რეგიონში.

სენატორი საქართველო-ირლანდიის დიპლომატიური ურთიერთობების ისტორიას მიმოიხილავს, რომელიც 1996 წელს დამყარდა. ის ასევე საუბრობს ქართულ და ირლანდიურ რაგბზე და აღნიშნავს, რომ მიმდინარე წლის სექტემბერში, ირლანდიისა და საქართველოს რაგბის ნაკრებებს შორის, მსოფლიო თასის მნიშვნელოვანი საკვალიფიკაციო შეხვედრა გაიმართება. ამავე დროს ირლანდიის რაგბის ფეხბურთის ფედერაცია ასწავლის ქართველ მწვრთნელებს.

 

 

 

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here