საქართველოს დედაქალაქში ვაჭრობის კულტურა ჯერ კიდევ ადრეულ საუკუნეებში ჩამოყალიბდა, აქ მრავლად შეხვდებოდით სხვადასხვა პროდუქტით მოვაჭრეთა რიგებს, (ბამბის რიგი, სირაჯხანა, ხარაზხანა, დარაფხანა, მჭედლის ქუჩა, რიყე-ღვინის აღმართი, შუა ბაზარი) სადაც ბამბით, მატყლითა და ჩითით დაწყებული ღვინით დამთავრებული უამრავი სახის პროდუქტის შეძენა შეიძლებოდა.

ერთ დროს რეგიონის სავაჭრო ცენტრი თბილისი, სადაც გარევაჭრობა კულტურის ნაწილი იყო, ქუჩებში გამოსულ მოვაჭრეებს და მათ დახლებს ნელ-ნელა ემშვიდობება. გარევაჭრობისთვის განკუთვნილი უკანონო კონსტრუქციების დემონტაჟი მერიამ 19 მარტს მეტროსადგურ „მარჯანიშვილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე დაიწყო, მომდევნო დღეებში კი გარემოვაჭრეებისგან გაათავისუფლა ბარათაშვილის ქუჩის, კოლმეურნეობის მოედნის, ვაგზლის მოედნის და დინამოს მიმდებარე ტერიტორიები. თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ცნობით მსგავსი ტიპის ღონისძიებები მალე სხვა უბნებზეც გავრცელდება.

ამ რადიკალური ქმედებების მიზეზად თბილისის მერიამ შემდეგი პრობლემები დაასახელა: გარევაჭრობისთვის განკუთვნილ ადგილებზე  მალფუჭებადი პროდუქციის გაურკვეველი წარმოშობა და შენახვის პირობების დარღვევა, ანტისანიტარია,  თბილისის იერსახის დამახინჯება და მოქალაქეთა გადაადგილების შეფერხება.

შეუძლებელია ზემოთჩამოთვლილში ვინმე არ დაეთანხმოს მერიას, თუმცა მოუწესრიგებელ გარე ვაჭრობაში მთავრობის პასუხისმგებლობა უფრო იკვეთება ვიდრე გარემოვაჭრეების.

რეგულაცია, რომელიც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში გარევაჭრობას არეგულირებს არის საკრებულოს მიერ 2014 წლის 30 დეკემბერს გამოცემული დადგენილება №20-89:

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 64-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის, 161-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ 25-ე მუხლის საფუძველზე, ქ. თბილისის საკრებულო ადგენს:

  1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში გარე ვაჭრობად მიჩნეულ იქნეს ქალაქის ქუჩებზე, მოედნებსა და ტროტუარებზე, ასევე დასასვენებელ ადგილებში მცირე სტაციონარული არქიტექტურული ფორმებიდან და არასტაციონარული კონსტრუქციებიდან ვაჭრობა.
  2. მცირე სტაციონარული არქიტექტურული ფორმებიდან და არასტაციონარული კონსტრუქციებიდან ვაჭრობისათვის დასაშვები საქონლის ნომენკლატურა განისაზღვრება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესით.
  3. საზოგადოებრივი სარგებლობის ადგილებში ვაჭრობისათვის განკუთვნილი ადგილები მოეწყოს ისე, რომ ისინი აკმაყოფილებდნენ ქალაქის იერსახის მოთხოვნებს და არ შეაფერხონ ფეხით მოსიარულეთა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება. ვაჭრობა განხორციელდეს მოქმედი სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების, სხვა ნორმებისა და წესების დაცვით.
  4. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესით რეგულირდება გარე ვაჭრობის კონკრეტული ადგილები, ამ ადგილებით სარგებლობის ფორმები, სადღესასწაულო და წინასადღესასწაულო დღეებში, ასევე სხვა ფართომასშტაბიანი ღონისძიებებისა და აქციების მოწყობისას გარე ვაჭრობა და ამისათვის განსახორციელებელი საჭირო ღონისძიებები;
  5. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „გარე ვაჭრობის რეგულირების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2006 წლის 29 დეკემბრის №4-27 გადაწყვეტილება.
  6. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

მიუხედავად იმისა, რომ დადგენილება არსებობს, მისი აღსრულება ვერ ხორციელდება რადგან საკრებულოს ჯერ კიდევ არ შეუმუშავებია გარევაჭრობისათვის დასაშვები საქონლის ნომენკლატურა და არ განუსაზღვრავს გარევაჭრობისთვის განკუთვნილი კონკრეტული ადგილები.

„ეს არის ადგილობრივი პოლიტიკა, ვალდებულება ამომრჩევლის წინაშე… არავინ უშლის დაინტერესებულ პირებს შეარჩიონ წარმომადგენელი და ლობისტი პროცედურის წამოწყებისათვის, მას პროვოცირება სჭირდება და მე ვფიქრობ კარგი დროა ამ საკითხის წამოსაწევად მოახლოებული ადგილობრივი არჩევნების ფონზე“, – აცხადებს იურისტი გიორგი ტურაზაშვილი ჩვენთან საუბრისას.

ის რაც კარგად ესმის იურისტს, პოლიტიკოსებისთვის ნაკლებ საყურადღებოა, მმართველი გუნდი თავს იწონებს გასუფთავებული ტროტუარებით, ოპოზიცია კი თბილისის ზღვის განვითარების გეგმას, კერძოდ კი „ფალოსის ნახევარკუნძულებს“ მისჩერებია.

ბუნებრივია მოუწესრიგებელ სისტემას ქვეყნის ეკონომიკაზეც უარყოფითი გავლენა აქვს, რაც იმას ნიშნავს რომ ადამიანები ვაჭრობენ/დნენ ქუჩაში გადაადგილებით, კარდაკარ, გარე დახლთან ისე, რომ გადასახადები ბიუჯეტში არ შედის და ეს გრძელდება წლების მანძილზე, ახლა კი მისი არა მოწესრიგება არამედ აღკვეთა ხორციელდება.

საინტერესოა გარემოვაჭრეების ბედიც, როგორც თბილისის მერიის პრეს-სამსახურის წარმომადგენელმა, რიტა ყაველაშვილმა OBSERVER-ს განუცხადა, დედაქალაქის მთავრობამ, ბაზრობების ასოციაციების წარმომადგენლებთან მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, გარემოვაჭრეებს მათ მიერ დაკავებული ადგილების დათმობის სანაცვლოდ თბილისის კერძო ბაზრობებზე დახლების პირველი ექვსი თვის მანძილზე სრულიად უსასყიდლოდ გამოყოფა შესთავაზა.

მისივე თქმით, მოსალოდნელი უკანონო კონსტრუქციების დემონტაჟის თაობაზე გარემოვაჭრეები წინასწარ იყვნენ ინფორმირებული:

„მერიის მხრიდან გარემოვაჭრეების გაფრთხილება კონსტრუქციების დემონტაჟთან დაკავშრებით წინასწარ, მისი დაწყებიდან დაახლოებით ერთი თვით ადრე მოხდა, შედეგად გარემოვაჭრეებს მიეცათ გონივრული ვადა იმისთვის, რომ თავად შეეწყვიტათ თბილისის ქუჩებში უნებართვო სამეწარმეო საქმიანობა. აღსანიშნავია, რომ გარემოვაჭრეების გაფრთხილება ხდებოდა პერმანენტულად, თუმცა ვინაიდან მათი მხრიდან მერიის მოთხოვნა გათვალისწინებული არ იქნა, საჭირო გახდა მერიის ზედამხედველობის სამსახურის მხრიდან უნებართვო გარევაჭრობის წინააღმდეგ ღონისძიებების გატარება.“ – განაცხადა  ყაველაშვილმა ჩვენთან საუბრისას.

ყაველაშვილის გავრცელებულ ინფორმაციას თბილისის ბაზრებზე უფასოდ ვაჭრობის შეთავაზებასთან დაკავშირებით, უარყოფს დინამოს მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრე მარინა ზარდიაშვილი და OBSERVER-თან საუბრისას შემდეგ განცხადებას აკეთებს:

„ტყულია, რომ გარემოვაჭრეებს უფასოდ გვეძლევა თბილისის ბაზრობებზე ვაჭრობის უფლება, მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაცია ამის თაობაზე მედიითაც ყოველდღურად ვრცელდება, გარემოვაჭრეების ნაწილს, რომლებიც მერიის შემოთავაზებას დათანხმდნენ, სხვადასხვა ბაზრობებზე უკვე მოსთხოვეს გადასახადის გადახდა, რომელიც 10-დან 15 ლარის ფარგლებში მერყეობს“.

მისივე თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია არც იმის თაობაზე, რომ გარემოვაჭრეებს, მათ მიერ უნებართვოდ დამონტაჟებული კონსტრუქციების დემონტაჟის შესახებ ერთი თვით ადრე ეცნობათ.

„ჩვენი ინფორმირება კონსტრუქციების დემონტაჟის დაწყებამდე არა ერთი თვით, არამედ მხოლოდ ერთი დღით ადრე მოხდა, მერიის წარმომადგენლები ჩვენთან შაბათ დილას მოვიდნენ, გვითხრეს რომ კვირას, 7 საათამდე თუ არ დავტოვებდით ტერიტორიას, მის გათავისუფლებას თავად დაიწყებდნენ და ასეც მოიქცნენ.“ – განაცხადა მარინა ზარდიაშვილმა.

ალბათ არც ეს საკითხი გახდებოდა სადაო მერიას წეინასწარ რომ გამოეცა საჯარო გაფრთხილება გარევაჭრობის ობიექტების დემონტაჟის შესახებ, ახლა კი გაგვიჭირდება იმის გაგება იცოდნენ თუ არა მოვაჭრეებმა შესაძლო დემონტაჟის შესახებ წინასწარ და იმ პერიოდში ჰქონდათ თუ არა ალტერნატიული შეთავაზება მერიის მხრიდან სხვაგან გადასვლაზე, რომ მოეხდინათ მყიდველების ინფორმირება ადგილის ცვლილების შესახებ.

შესაბამისად მივიღეთ ასეთი სურათი:

იკრძალება გარევაჭრობა მთელ ქალაქში, თუმცა ამის ამკრძალავი კანონი არ არსებობს, გარდა იმისა რომ მერია უფლებამოსილია განახორციელოს მსგავსი ობიექტების დემონტაჟი;

გარემოვაჭრეები მათი დახლების აღების შესახებ გააფრთხილეს სავარაუდოდ ერთი თვით ადრე, თუმცა სადაოა რამდენად საკმარისია თუნდაც ერთი თვე და რატომ არ მოხდა ამ გაფრთხილების საჯაროდ გამოცემა;

გარემოვაჭრეებმა მიიღეს შეთავაზება მერიის მხრიდან ბაზრებში და ბაზრობებზე დახლის 6 თვით უფასოდ ან შეღავათიან ფასში გადაცემაზე, თუმცა უცნობია მოხდა თუ არა ეს შეთავაზება იმ გაფრთხილების პერიოდში და ჰქონდათ თუ არა საკმარისი დრო გარემოვაჭრეებს რომ ეცნობებინათ მომხმარებლისთვის სავაჭრო ადგილის ცვლილების თაობაზე;

დაბოლოს კითხვებს ბადებს ისიც თუ რატომ არ ცდილობს ხელისუფლება დადგენილების მე-2 და მე-4 მუხლების შემუშავება და ამოქმედებას, გარემოვაჭრეებს კი ერთადერთ ალტერნატივად ვაჭრობის შეწყვეტას ან აღნიშნული საქმიანობის ბაზრებში გაგრძელებას უტოვებს.

უფლებადამცველი, ლაშა ჩხარტიშვილი თბილისის ქუჩებში გარევაჭრობის აკრძალვას დედაქალაქის მმართველობის მხრიდან არასწორ ქმედებად აფასებს და მოქმედ ხელისუფლებას გარემოვაჭრეებისთვის შემოსავლის წყაროს მოსპობაში ადანაშაულებს.

„გარევაჭრობა მთელ მსოფლიოში, მათ შორის განვითარებულ, ცივილიზებულ და წარმატებული ეკონომიკის ქვეყნებშიც დაშვებულია და მას კონტროლირებადი, რეგულირებადი და ვიზუალურად მისაღები სახე აქვს, რაზეც სახელმწიფოები ზრუნავენ.  ჩვენ ქვეყანაში კი სადაც უმუშევრობის ბუმია, გარევაჭრობის აკრძალვა სოციალურად დაუცველი ფენისთვის ერთადერთი შემოსავლის წყაროს განადგურებას ნიშნავს, რასაც სამწუხაროდ დღევანდელი ხელისუფლება მისი წინამორბედის მსგავსად არ ითვალისწინებს“, – ამბობს ჩვენთან საუბრისას ჩხარტიშვილი.

მერიის ინიციატივას გარემოვაჭრეებისთვის ალტერნატიული ბაზრების ათვისების შეთავაზებასთან დაკავშირებით კი მიზანშეუწონლად მიიჩნევს. მისი თქმით, თბილისის სხვადასხვა ბაზრობებზე ვაჭრობისთვის მიცემული შეღავათიანი პერიოდი, გარემოვაჭრეების პრობლემებს ვერ მოაგვარებს, რადგან ისინი საკუთარი მიზერული რაოდენობის პროდუქციით კონკურენციას ვერ გაუწევენ ბაზრებში დიდი რაოდენობის პროდუქციით მოვაჭრეებს, გარდა ამისა ჩხარტიშვილი ამბობს, რომ ამ პერსპექტივის განხილვისას გარკვეული კითხვები ჩნდება და გაურკვეველი რჩება გარემოვაჭრეთა ბედი ექვს თვიანი შეღავათიანი ვაჭრობის  პერიოდის დასრულების შემდეგ.

უფლებადამცველი ჩვენთან საუბარში ყურადღებას მოქმედ კანონმდებლობაზეც ამახვილებს და აცხადებს, რომ ქვეყანაში გარევაჭრობა კანონით არ იკრძალება. ის მიიჩნევს, რომ გარევაჭრობის აღკვეთის ნაცვლად ხელისუფლებამ ისეთი რეგულაცია უნდა შეიმუშაოს, რომელიც დედაქალაქში გარევაჭრობის წესებს განსაზღვრავს, შესაბამისად გასაყიდი საქონლის ხარისხის კონტროლზე, ანტისანიტარიაზე, ვიზუალურ მხარესა თუ მოქალაქეთა გადაადგილების შეფერხების თავიდან აცილებაზე პასუხს თავადვე აგებს.

მიუხედავად ვაჭრობის შესახებ კანონმდებლობის მოწესრიგების საჭიროებისა, უფლებადამცველი გვიყვება, რომ აღნიშნულ რეგულაციებთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტი, რომელზეც ჩხარტიშვილმა ჯერ კიდევ 2006 წელს იმუშავა და წინა მთავრობის შეცვლის შემდეგ, 2014 წელს წარუდგინა პარლამენტს, ერთი მოსმენით მოწონების მიუხედავად, დღემდე არ მიღებულა.

მთავრობის მხრიდან გარევაჭრობის რეგულაციებზე უარის თქმას და სანაცვლოდ რადიკალური ნაბიჯების გადადგმას კი ჩხარტიშვილი სახელმწიფოს მხრიდან სფეროს მონოპოლიზების სურვილს უკავშირებს:

„ხელისუფლება სარგებლობს საკანონმდებლო ვაკუუმით და მას წინა ხელისუფლების მსგავსად მოუნდა ქუჩის ვაჭრობის სფეროს მონოპოლიზაცია საკუთარი ოლიგარქიული ბიზნესის გაფართოებისა და განვითარებისთვის, ვგულისხმობ სავაჭრო ქსელებს და მარკეტების ინტერესებს, და სავარაუდოდ ბაზრობებთან კორუფციულ გარიგებებსაც, რასაც გარემოვაჭრეების ინტერესები ეწირება“, – განაცხადა უფლებადამცველმა.

2015 წელს, დიდ ბრიტანეთში გარე და წვრილმანი ვაჭრობის შესახებ კანონების მოდერნიზებისას, ქვეყნის მომხმარებელთან ურთიერთობის მინისტრმა, ჯო სვინსონმა გარევაჭრობა ბრიტანული კულტურის მნიშვნელოვან ნაწილად შეაფასა. მასთან დაკავშირებული კანონების მოდერნიზებაზე საუბრისას კი განაცხადა, რომ ბრიტანეთის მთავრობა მიესალმება ისეთი სისტემის არსებობას, რომელიც სამართლიანი იქნება ყველასთვის, ვინც ყიდის ან ყიდულობს რაიმე სახის საქონელს.

ბრიტანეთის გარდა შევისწავლეთ ბელგიის, ნიდერლანდების და შვედეთის რეგულაციებიც, სადაც გარევაჭრობა ნებადართულია შესაბამისი ლიცენზიის აღების შემდეგ, გარევაჭრობისთვის სპეციალური ადგილებია გამოყოფილი, ზოგიერთ უბნებზე კი მხოლოდ კვირის გარკვეულ დღეებშია დაშვებული. უფრო მეტიც, ყოველგვარი გადასახადების გარეშე ვაჭრობის უფლება ჩვეულებრივ მოქალაქეებსაც ეძლევათ, რომელთაც კონკრეტულ დღეს საკუთარი ნივთების ქუჩაში გამოტანა და გაყიდვა შეუძლიათ. კონტროლდება გასაყიდი პროდუქციის ხარისხიც, სანიტარული ღონისძიებების გატარება კი მთლიანად ხელისუფლების პრეროგატივაა.

რამდენად იზიარებს საქართველო აღნიშნულ ღირებულებებს და რამდენად უახლოვდება ქვეყანა ევროპულ სტანდარტებს, ამ ეტაპზე რთული სათქმელია, თუმცა მოვლენათა განვითარების კვალდაკვალ დედაქალაქის მოსახლეობა გარემოვაჭრეთა თემის გაგრძელებას ეტაპობრივად იხილავს და სხვადასხვა მხრიდან გაჟღერებული ეჭვების ჭეშმარიტების ხარისხაც თავად შეაფასებს, მანამდე კი თბილისელი გარემოვაჭრეები ევროპის პრაქტიკის გათვალისწინებით, თბილისში გარევაჭრობისთვის განკუთვნილი სივრცეების შექმნის მოითხოვნით აქციებს აანონსებენ.

ცნობილია, რომ აქციებს შორის უახლოესი, სამშაბათს, 11 აპრილს ქალაქ თბილისის საკრებულოსთან გაიმართება, გარემოვაჭრეები საკრებულოში მისულ თბილისის მერს, დავით ნარმანიას დახვდებიან და საკუთარ მოთხოვნებს გააცნობენ. წინასწარი ინფორმაციით, იგეგმება  მისთვის სირცხვილის კორიდორის მოწყობაც.

მიუხედავად იმისა, რომ მერიის ბოლო განცხადებებით არ იკვეთება საკითხის რეგულირების სურვილი, ვფიქრობთ მოახლოებული არჩევნები და სამოქალაქო პროტესტი გამოაფხიზლებს როგორც ხელისუფლებას ისე ოპოზიციას, რომ იგრძნონ ამომრჩევლის წინაშე აღებული ვალდებულებები, დროულად მოაწესრიგონ კანონმდებლობა და საბოლოოდ დაასრულონ ამ თემაზე მრავალწლოვანი პოლიტიკური სპეკულაციები.

ავტორები: გიორგი თედიაშვილი, ნინო შარაშიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here