2017 წელი საქართველოს სტუმართმოყვარეობის სფეროში პოზიტიურად დაიწყო, მნიშვნელოვნად გაიზარდა უცხოელ ვიზიტორთა რიცხვი და სასტუმროების საერთაშორისო ბრენდების ჩვენი ქვეყნით დაინტერესება.

ცალკე აღნიშვნის ღირსია კომპანია Capitol HPS-ი, რომელიც მსოფლიოში სასტუმროების ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქსელის „Best Western Hotels & Resorts“-ის წარმომადგენელია საქართველოში და რომლის ძირითადი ამოცანა სწორედ “Best Western Hotels & Resorts”-ის ქსელის გაფართოების მაქსიმალურად ხელშეწყობაა საქართველოს ტერიტორიაზე.

„Best Western Hotels & Resorts“-ის ოფიციალური წარმომადგენელის Capitol HPS-ის პროგნოზით ამ ქსელში გაერთიანებული სასტუმროების რაოდენობა 2018 წლის ბოლომდე საქართველოში 10 ერთეულს მიაღწევს. დეტალებზე კომპანიის დირექტორს ბატონ გოჩა ჯაიანს ვესაუბრეთ, რომელიც 2013 წლიდან კურირებს „Best Western Hotels & Resort“-ის ქსელთან ურთიერთობებს:

Capitol HPS სასტუმროების საერთაშორისო ბრენდის “Best Western Hotels & Resorts”-ის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. თუ შეიძლება მოკლედ რომ მოგვითხროთ თქვენი თანამშრომლობის ისტორიის შესახებ

პირველი ხელშეკრულება აღნიშნულ ბრენდთან გაფორმდა 2013 წლის ნოემბრის თვეში და ჩვენი მხრიდან ხელმომწერი იყო კომპანია „ნიუ თბილისი“, რომელმაც შემდგომში იცვალა დასახელება და 2015 წლის დეკემბერში განაახლა ხელშეკრულება „Capitol Real Estate“-ის სახელით. რეორგანიზაციის შედეგად ამ კომპანიას ცალკე ერთეულად გამოეყო ახალი კომპანია „Capitol HPS”, რომელმაც თავის მხრივ 2016 წლის სექტემბერში დადო ახალი ხელშეკრულება „Best Western Hotels & Resorts”-თან და გახდა ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი და რეგიონალური დეველოპერი კომპანია საქართველოში.

რას წარმოადგენს Best Western Hotels & Resorts – ი, როგორც საერთაშორისო ბრენდი და რატომ უნდა ავირჩიოთ იგი პარნიორად?

Best Western Hotels & Resorts – არის მსოფლიოს დამოუკიდებელი სასტუმროების ერთ-ერთი უმსხვილესი ქსელი, რომელიც აერთიანებს 100-ზე მეტი ქვეყნის 4 ათასზე მეტ სასტუმროს. ასეთი დიდი პორტფელი პირველ რიგში განპირობებულია იმით, რომ Best Western Hotels & Resorts-ი სასტუმროების მიერთების თვალსაზრისით საკმაოდ მოქნილი ბრენდია და დამოუკიდებელი სასტუმროს მეპატრონეებს საკმაოდ საინტერესო პირობებს სთავაზობს. კერძოდ: სრულ დამოუკიდებლობას სასტუმროს მართვაში, დაბალ გადასახადებს, მუდმივ დახმარებას და კონსულტაციებს, მოკლევადიან კონტრაქტებს, ყოველივე ეს კი მათდამი ნდობას განაპირობებს და სურვილს იმისას რომ იყვენ ჩვენი პარტნიორები.

პირველად აღნიშნული ბრენდის სასტუმრო „Best Western Art Hotel” – ი თბილისში 2014 წელს გაიხსნა და მას შემდეგ წარმატებით მოღვაწეობს, რამდენად რთული იყო თვითონ ბრენდის მენეჯმენტის დაინტერესება ჩვენი ქვეყნით?

თვითონ ბრენდის მენეჯმენტის საქართველოთი დაინტერესება რთული არ აღმოჩნდა, რადგან მათი მიზანი იყო და არის მეტი წარმომადგენლობითობა ევროპისა და აზიის ტერიტორიაზე, შესაბამისად საქართველოც, გამომდინარე თავისი ტურისტული პოტენციალიდან, მათი ინტერესის სფეროში თავიდანვე განიხილებოდა. ჩვენამდე საქართველოში მათ არ ჰყავდათ წარმომადგენელი და ჩვენ ქვეყანას კურატორობდა ბრენდის თურქეთის ოფისი, მაგრამ ჩვენი მხრიდან დაინტერესების და კონკრეტული სამუშაო გეგმის წარდგენის შემდეგ, ისინი სიამოვნებით დაგვთანხმდნენ თანამშრომლობაზე.

2017 წლის 3 აპრილს კი “Best Western Hotels & Resorts” ქუთაისში იხსნება, რომელიც საერთაშორისო სასტუმროებით განებივრებული ნამდვილად არ არის, თქვენ რატომ დათანხმდით ინვესტორს ამ ლოკაციაზე?

პირველ რიგში მინდა აღვნიშნო ის, რომ „Best Western Kutaisi”, არის პირველი 3* სასტუმრო საქართველოს დასავლეთ ნაწილში (თუ არ ჩავთვლით ბათუმს), რომელიც სრულად აკმაყოფილებს ამ კატეგორიის სასტუმროების საერთაშორისო სტანდარტებს.
ეხლა რაც შეეხება ჩვენს თანხმობას კონკრეტულ ლოკაციაზე. ჩვენი, როგორც ქსელის ადგილობრივი წარმომადგენლის და დეველოპერის, ძირითადი ფუნქცია არის დავეხმაროთ ბრენდს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში, კერძოდ მისცეს თუ არა გარკვეულ პროექტს თავისი სახელის გამოყენების უფლება. შესაბამისად ყოველ შემოსულ განაცხადზე ჩვენ ვახდენთ ინვესტორის მიერ შემოთავაზებულ პროექტის შესწავლას (ადგილმდებარეობა, სასტუმრო ნომრების რაოდენობა, უძრავი ქონების სახეობა და საერთო მდგომარეობა, ბრენდის სავარაუდო ხაზის შერჩევა და ა.შ) და ვიზუალური მასალის მომზადებას, შემდეგ ყოველივე ამის საფუძველზე ვამზადებთ ჩვენს შეფასებას და ვაგზავნით სათაო ოფისში საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად.

გამომდინარე აქიდან არ იყო ძნელი ჩვენი სათაო ოფისის დარწმუნება იმაში, რომ ქუთაისის პროექტი ნამდვილად იმსახურებდა ნდობას, რადგან ყველაფრით აკმაყოფილებდა ბრენდის მოთხოვნებს.

ამ სფეროში მომუშავე ნებისმიერი უცხოელი ინვესტორისთვის ადგილობრივი და გამოცდილი შუამავლის ყოლა ძალიან მნიშვნელოვანია, რატომ უნდა შეაჩერონ არჩევანი თქვენზე?

„Capitol HPS” – შედის „კაპიტოლ ჯგუფი“-ის შემადგენლობაში, რომელშიც ამ კომპანიის გარდა გაერთიანებული არიან ყაზახური ინვესტიციების მოზიდვით შექმნილი სხვადასხვა პროფილის (სოფლის მეურნეობა, მშენებლობა, დეველოპმენტი, მენეჯმენტი, ტურიზმი და ა.შ) კომპანიები. მათ შორის არის რამოდენიმე კომპანია, კერძოდ: შპს“სიმეტრია“(დეველოპერული კომპანია), შპს“კაპიტოლ ქონსთრაქშენი“(საამშენებლო კომპანია) და ქართულ-ესპანური შპს „ტ3 ჰოსფითალითი მენეჯმენტი“(სასტუმროების მართვა), რომელთაც დღეისთვის დაუგროვდათ საკმაო გამოცდილება ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნაში და მათ მართვაში. ეს კომპანიები არიან „Capitol HPS”-ის პარტნიორი კომპანიები და შესაბამისად, საქართველოში ტურიზმში ინვესტიციებით დაინტერესებულ ინვესტორებს ერთობლივად სთავაზობენ მომსახურეობის სრულ პაკეტს, საინვესტიციო პროექტისთვის უძრავი ქონების შერჩევიდან, უკვე დასრულებული პროექტის მართვის ჩათვლით.
ასეთი თანამშრომლობის ცოცხალი მაგალითია „Best Western Kutaisi”-ს დასრულებული პროექტი, რომელიც წარმატებით განხორციელდა ამ ოთხი კომპანიის მიერ. კერძოდ პროექტს თავიდან ბოლომდე მართავდა შპს “სიმეტრია“, საამშენებლო სამუშაოები განხორციელდა შპს“კაპიტოლ ქონსთრაქშენი“-ის მიერ, სასტუმროს გახსნის საბოლოო ეტაპი განახორციელა და დღეს უკვე მართვას სასტუმროს ქართულ-ესპანური კომპანია შპს „ტ3 ჰოსფითალითი მენეჯმენტი“ და ბოლოს, „Capitol HPS”-ის მეშვეობით შედგა პროექტის “Best Western Hotels & Resorts”-ის ერთ-ერთი ბრენდით უზრუნველყოფა.
გამომდინარე იქიდან, რომ „კაპიტოლ ჯგუფი“-ს გარდა არცერთი ბიზნეს ჯგუფი საქართველოში, არ სთავაზობს ასეთ კომპლექსურ მომსახურეობას ტურიზმის სფეროში ინვესტიციებით დაინტერესებულ ინვესტორებს მიზეზი აშკარაა თუ რატომ უნდა შეაჩერონ უცხოელმა ინვესტორებმა ჩვენზე არჩევანი.

რას გვეტყვით განვლილი სამი წლის შედეგების შესახებ, რა გეგმები გაქვთ და რა პერსპექტივები აქვს “Best Western Hotels & Resorts”-ის ქსელის გაფართოებას საქართველოში?

სამწლიანი ინტენსიური მუშაობის შედეგად, საქართველოს მაშტაბით გვაქვს ასეთი სურათი: უკვე თითქმის ორი წელია იღებს სტუმრებს 45 ნომრიანი „Best Western Tbilisi Art Hotel”-ი თბილისში, 3 მარტს ქუთაისში იხსნება ასევე 45 ნომრიანი „Best Western Kutaisi”, ივნისის ბოლომდე ამ ბრენდის ქვეშ კიდევ სამი სასტუმრო დაიწყებს ფუნქციონირებას, ესენია “Best Western Executive Residency Gonio” 90 ნომრით, “Best Western Plus Batumi”-ი 55 ნომრით და “Best Western Plus Bakuriani”-ი 70 ნომრით, სულ ჯამში 5 სასტუმრო, 305 ნომრით.
ამას გარდა მიმდინარეობს მოლაპარაკება კიდევ რამოდენიმე პროექტის განხორციელებაზე საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში (თელავი, ლაგოდეხი, გუდაური, წყალტუბო, შიდა ქართლი და ა.შ) და ასევე დედაქალაქში. ჩვენი პროგნოზით, 2018 წლის ბოლომდე, ამ ქსელში შემავალი სასტუმროების რიცხვი გაიზრდება 10-მდე.

თქვენი კომპანიის საქმიანობა ბევრად უფრო ფართოა ვიდრე უცხოური სასტუმროების ბრენდის ქართულ ბაზარზე შემოყვანა, კიდევ რას სთავაზობთ ტურიზმის სფეროში მომუშავე კომპანიებს?

„Capitol HPS”-ი, ტურიზმის სფეროში ინვესტიციებით დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს სთავაზობს კონსულტაციებს და დახმარებას სასტუმროების, სხვა სახის ტურისტული ინფრასტრუქტურის და კვების ობიექტების მშენებლობაში, აღჭურვაში და მართვაში. ამ შეთავაზებების წარმატებით და ხარისხიანად განხორციელებისათვის უკვე გაფორმებული გვაქვს ხელშეკრულებები საქართველოში წარმომადგენლობაზე, რამოდენიმე ისეთ უცხოურ კომპანიასთან, რომლებიც აწარმოებენ ტურიზმის სფეროსთვის საინტერესო სხვადასხვა სახის პროდუქციას და საკონსულტაციო მომსახურეობას.

როგორ ფიქრობთ რა უნდა გაკეთდეს საქართველოში სტუმართმოყვარეობის სფეროს კიდევ უფრო სწრაფი განვითარებისთვის?

საქართველოს გააჩნია უნიკალური მახასიათებლები (მდებარეობა, კლიმატი, ბუნება, ღვინის სამშობლო, უგემრიელესი სამზარეულო) და აქვს უდიდესი პოტენციალი იმისთვის, რომ გახდეს ერთ-ერთი საუკეთესო და მოთხოვნადი ტურისტული ქვეყანა მთელ მსოფლიოში. მაგრამ იმისათვის რომ ამას სწრაფად მივაღწიოთ საჭიროა ახალი სასტუმროების მშენებლობა რეგიონების მასშტაბით, კარგი ინფრასტრუქუტრა, კვლიფიციური კადრები ტურიზმის სფეროში, ქვეყნის ტერიტორიის სრული ინტერნეტიზაცია, საინფორმაციო დაფების უზრუნველყოფა მთელი საქართველოს მასშტაბით, სტანდარტული ტურისტული მარშრუტების შექმნა და სერვისის ახალი სახეობების შეთავაზება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here