ეროვნული ლიგის პირველი წრე ორი კვირის წინ დასრულდა და გუნდებმა თავიანთი სახე გამოავლინეს. ახალმა და ჯერ გამოუცდელმა „ეროვნულმა ლიგამ“, როგორც ქართული ფეხბურთის მოყვარულები ამბობენ შედეგი მოიტანა.

მოასპარეზე გუნდებმა უკვე კარგად გაითავისეს და იციან თუ რა ფასი აქვს თითოეულ მატჩში მოპოვებულ ქულას და შედეგიც სახეზეა თორმეტი ტურის შემდეგ ჯერჯერობით ახალი ფორმაციის ლიგას ერთპიროვნული ლიდერი არ ჰყავს და რამდენიმე გუნდს აქვს შანსი გააღწიოს ევროსარბიელზე და ამასთანავე საქართველოს ჩემპიონატი მოიგოს.

ამ დროისათვის პირველ ადგილს ტიტულოვანი თბილისის „დინამო“ იკავებს და  მეორეადგილოსან გუნდს მცირე სხვაობით უსწრებს.

ადგილის დამკვიდრებაში დედაქალაქელებს ქართულ ელ-კლასიკოში მოპოვებული 3 ქულაც წაეხმარა და ამ დროისთვის სამეულში მოსახვედრად მებრძოლ ქუთაისელებს  5 ქულით უგებს.

დერბიში დამარცხებამ პრობლემები შეუქმნა ქუთაისის „ტორპედოს“, თუმცა ფოთთან დამაჯერებელმა მოგებამ სიტუაცია დადებითისკენ შეცვალა.

„ამ მარცხის მიზეზი არ ვიცი, შეიძლება გადაღლილები ვიყავით, მაგრამ არ მინდა მარტო გადაღლას დავაბრალო, „დინამო“ კარგი გუნდია ახალგაზრდა ფეხბურთელებით დაკომპლექტებული, იმ დღეს უკეთესად გამოიყურებოდნენ და შედეგიც სახეზეა“, აღნიშნა „ტორპედოს“ მეკარემ როინ კვასხვაძემ ჩვენთან საუბრისას.

კვასხვაძემ აღნიშნა, რომ „ტორპედო“ თავისი ტიტულებითა და ისტორიით ყოველთვის მაღალი მიზნებისთვის იბრძვის  და დასძინა, რომ არც ეს წელი იქნება გამონაკლისი. მისი თქმით წელს „ტორპედო“ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ქვეყნის ჩემპიონები გახდნენ და ამას გარდა დავით ყიფიანის თასი ასწიონ, რაზეც ისიც მეტყველებს, რომ შარშანდელი ჩემპიონი სამტრედიის „სამტრედია“, სწორედ როინ კვასხვაძისა და მისი თანაგუნდელების მეშვეობით გავარდა თასიდან.

კვასხვაძე წლებია ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავს და ჩატარებულ მატჩებში საკმაოდ დამაჯერებლადაც იასპარეზა.

„ნაკრებში ძალიან კარგი სიტუაციაა, ჩვენ ერთი ოჯახი ვართ“, – თქვა კვასხვაძემ. მისი თქმით ვლადიმერ ვაისი ძალიან გამოცდილი მწვრთნელია და მისი გამოცდილება ნაკრებს დაეხმარება. როინმა ხაზი გაუსვა ნაკრებში არსებულ სიტუაციას და დასძინა, რომ იქ თავს კარგად გრძნობს „ბედნიერი ვარ ნაკრებში თამაშით, ეს ყველა ფეხბურთელის ოცნებაა.“

ქართველმა გულშემატკივარმა კარგად იცის და ახსოვს, რომ როინ კვასხვაძე საქართველოს გარდა კვიპროსშიც ირჯებოდა, თუმცა კვიპროსული კარიერა ხანმოკლე აღმოჩნდა, როინმა ამის მიზეზად უიღბლობა დაასახელა და განაცხადა, რომ სურვილი ჰქონდა სხვა ევროპულ გუნდში ეთამაშა, თუმცა მოხვდა ისეთ გუნდში, რომელიც გასავარდნ ზონასთან ახლოს იყო და მიუხედავად კარგი მატჩებისა საქართველოს ნაკრების მეკარეს მოუწია გუნდის დატოვება და საქართველოში გადმობარგება.

კვიპროსისა და საქართველოს შედარებისას კვასხვაძემ აღნიშნა, რომ  ევროპის ყველა ქალაქში არის შექმინილი ის პირობა, რომ გაიზარდონ ტალანტები, თუმცა ისიც დასძინა, რომ კვიპროსი და სხვა ევროპული ქვეყნები გვისწრებენ ინფრასტრუქტურით, თორემ საქართველოში უფრო ბევრი ტალანტი იზრდება ვიდრე კვიპროსსა და სხვა ევროპულ ქვეყნებში.

„ძალიან ნიჭიერი თაობა მოდის, მათ უნდა მიეცეთ თავის გამოჩენის საშუალება, მინდა მომავალმა თაობამ ჯერ საქართველოში დატოვოს კვალი და შემდეგ იფიქრონ  საზღვარგარეთ გამგზავრებაზე“, – აღნიშნა კვასხაძემ საუბრის დასასრულს.

სამომავლო გეგმებზე საუბრისას კვასხვაძემ განაცხადა, რომ წინასწარ ლაპარაკი არ ღირს, რადგან ჯერჯერობით არაფერია გარკვეული.

ავტორი: გოგა წურწუმია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here