„საქმიან ქალთა გაერთიანების“ პრეზიდენტი ეკატერინე მაისურაძე წლებია წარმატებით მოღვაწეობს, როგორც ქართულ ისე საერთაშორისო  ბიზნეს სექტორში. მას წვლილი შეაქვს საგანმანათლებლო, სამედიცინო და  ტურიზმის სფეროს განვითარებაში, თანადგომას უცხადებს და აძლიერებს  ქალთა ორგანიზაციებს.

ის არის მაგალითი იმ ქალბატონებისთვისაც, რომელსაც გამოწვევად მიაჩნიათ ოჯახის და ბიზნეს სფეროში ერთობლივი წარმატების მიღწევა.

საქართველოში არცთუ ისე ხშირია ორგანიზაციები, რომლებიც ქალთა წარმატებაზე ზრუნავენ, თქვენ რატომ გადაწყვიტეთ დაგეარსებინათ საქმიან ქალთა გაერთიანება’’ UBL-

UBL-ი 2015 წელს ,,საერთაშორისო ურთიერთობების ცენტრის’’ IRC ჰოლდინგის ბაზაზე დაარსდა. ორგანიზაციის დაფუძნების იდეა მე მეკუთვნოდა, რადგან წლებია  თავად ვარ ასეთი საერთაშორისო ორგანიზაციების წევრი საზღვარგარეთ, მაგალითად არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, გერმანიაში, სამხრეთ აფრიკაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში და ა. შ. მინდოდა საქართველოშიც ყოფილიყო მსგავსი დონის და მასშტაბების ორგანიზაცია. ამიტომ გადავწყვიტე, რომ დამეარსებინა საქმიან ქალთა გაერთიანება. ამ წამოწყების გარშემო ბევრი საქმიანი ქალბატონი გაერთიანდა, რომლებიც დღეს UBL-ის წევრები არიან.

თავად რა მოგცათ საქმიან ქალთა გაერთიანებებში გაწევრიანებამ უცხოეთში და რა ანალოგიურ მომსახურებებს სთავაზობს UBL-ი საქართველოში იმ ქალებს ვისაც კარიერული წინსვლა და წარმატება სურს?

ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა გაეცნო მათ კულტურას, გახდე მათი საზოგადოების ნაწილი და დაამყარო საქმიანი კონაქტები. „საქმიან ქალთა გაერთიანება“ ყველანაირად ხელს უწყობს ქალბატონებს წარმატების მიღწევაში. ამისთვის სხვადასხვა ხერხს ვიყენებთ ჩვენი წევრების საჭიროებიდან გამომდინარე: კონსულტაციებს, ტრენინგებს, ვუთმობთ შეხვედრების ოთახს უფასოდ და ა. შ.

UBL-ი არაერთი ინოვაციური წამოწყების ავტორია, თქვენს  რომელ მომსახურებებს გამოყოფდით?

ყოველთვის ვცდილობთ, რომ ჩვენი უპირატესობები დავხვეწოთ, მეტად მრავალფეროვანი გავხადოთ. ამიტომ ჩვენთან ხშირად შეხვდებით ქართულ სივრცეში სრულიად ინოვაციურ წამოწყებებს: UBL-ის წევრი ქალბატონები სარგებლობენ პერსონალური ტურ-მენეჯერის მომსახურებით – მათთვის საქმის გამარტივებაზე ზრუნავს პერსონალური ,,UBL დამხმარე’’, რაც გულისხმობს დროის და თანხის დაზოგვას შემდეგ მომსახურებებზე: მოგზაურობა, დაზღვევა, სასტუმროს, რესტორნის, კონცერტის ბილეთის, ტრანსფერის დაჯავშნა და ა.შ. მათთვის როგორც UBL-ის წევრებისთვის ეს მომსახურება უფასოა. ყველაზე მეტად კი ჩვენს წევრებს სანდოობა ხიბლავთ, იმიტომ რომ პირადად იცნობენ ,,UBL დამხმარეს’’ და ენდობიან მათ.

UBL-ის წევრებისთვის ხშირად ეწყობა კლუბური შეხვედრები, თბილისში და ქალაქ გარეთ. ესეთი ტიპის შეხვედრებზე ძირითადად გავცემთ და ვიღებთ საჭირო რჩევებს ჩვენი საქმიანობის შესახებ. ჩემს გამოცდილებაზე დაყრდნობით შემიძლია ვთქვა, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრები არაფორმალურ გარემოში ყოველთვის ძალიან ეფექტურია. ასევე ისინი სრულიად უსასყიდლოდ სარგებლობენ სივრცით შეხვედრებისთვის  ასე, რომ ხშირად ვმასპინძლობთ პრეზენტაციებსა და საინტერესო საღამოებს. UBL-ის გუნდი ამისთვის ყოველთვის მზადაა.

დაბოლოს, რადგან საქმიანი ქალი მუდმივად უნდა ზრუნავდეს თვითგანვითარებაზე, ჩვენთან გაწევრიანების შემთხვევაში ისინი ისარგებლებენ სპეციალური ფასდაკლებით ჩვენს პარტნიორ ტრენინგ-ცენტრებში.

აღსანიშნავია, რომ 15 მაისამდე UBL-ში გაწევრიანება უფასოა, რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ წევრობის მსურველი ქალბატონები?

15 მაისამდე სრულიად უფასოდ UBL-ში  გაწევრიანება შეუძლია ყველა საქმიან ქალბატონს. ამ გზით ჩვენ გვინდა ვანახოთ ჩვენი შესაძლებლობები მათ ვისაც ჯერ არ ჰქონია შეხება ჩვენს ორგანიზაციასთან.

UBL-ის ეგიდით 15 სექტემბერს გაიმართება გლობალური ბიზნეს ფორუმი ქალთა წარმატების თემაზე, რომელიც ძალიან მასშტაბური ღონისძიება იქნება, რა იგეგმება ღონისძიების ფარგლებში?

ფორუმი იქნება მართლაც გლობალური და მასში მთელი მსოფლიოდან 250-300 საქმიანი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას, რაც უნიკალური შესაძლებლობაა ბიზნეს წრის გასაფართოებლად.

აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქმიან ქალთა ხელშეწყობა და მათი კავშირების გაძლიერება საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ, ასევე საქართველოს, როგორც ახალი ბიზნეს მიმართულების აღმოჩენა.

რაც შეეხება ფორუმის თემატიკას, რამდენიმე საკითხს განვიხილავთ: როგორიცაა ბიზნესი და ინვესტირების შესაძლებლობები საქართველოში, ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერება და ქალის როლი, რატომ არის მნიშვნელოვანი ქალთა თანამონაწილეობა ბიზნეს სექტორში, ქალბატონები ბიზნესში და მათი პასუხი 21-ე საუკუნის გამოწვევებზე.

სპიკერები კი იქნებიან როგორც საქართველოდან, ისე საფრანგეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან. ჩვენი აზრით ეს საუკეთესო საშუალებაა საერთაშორისო გამოცდილების გასაზიარებლად.

ვის შეუძლია ფორუმში მონაწილეობა და რა პროცედურების გავლაა ამისთვის საჭირო?

პირველ რიგში არ მინდა ვინმე შეცდომაში შევიდეს და ხაზგასმით  აღვნიშნავ, რომ დასწრება ყველა მსურველს შეუძლია. რამდენჯერმე მივიღეთ შეკითხვები, მაგალოთად  შეეძლოთ თუ არა დასწრება მამაკაცებს. რა თქმა უნდა, ფორუმი ტარდება ყველა საქმიანი ადამიანისთვის.  ამისთვის საჭიროა ღონისძიებაზე რეგისტრაცია ჩვენი ვებ-გვერდის ubl.ge მეშვეობით, სადაც ფორუმზე დეტალური ინფორმაციაა განთავსებული.

აქვე ვიტყვი იმასაც, რომ 15 მაისამდე ფორუმზე რეგისტრაციის შემთხვევაში მონაწილეები საკმაოდ დიდ ფასდაკლებას იღებენ . დასწრება შეუძლია ყველა ბიზნეს სფეროს წარმომადგენელს ვისთვისაც ეს თემატიკა საინტერესოა.

ქართულ რეალობაში ისიც სიახლეა, რასაც ჩვენ ვთავაზობთ დამსწრეებს, ეს არის ფაქტობრივად განახევრებული ღირებულება მათთვის ვისაც სურს ფორუმს მეუღლესთან ან შვილთან ერთად დაესწროს.

 რამდენ ხანს გრძელდება გლობალური ბიზნეს ფორუმი?

ფორუმი 15 სექტემბერს დაიწყება და მთელი დღე გასტანს. დღის ბოლოს კი დაგეგმილია გალა ვახშამი. ღონისძიება საკმაოდ მაღალი დონის სტუმრებს უმასპინძლებს, ჩვენც შესაბამისად ვემზადებით, მათ დასახვედრად.  ხოლო 16 სექტემბერს მოეწყობა ტური 3 სხვადასხვა მიმართულებით  ფორუმის მონაწილეთათვის. დამსწრეებს ვთავაზობთ თბილისის ტურს და შოპინგ-ტურს, კახეთის ღვინის ტურს და მცხეთა-თბილისის ისტორიულ-კულტურულ ტურს. ტურზე დარეგისტრირება ფორუმისგან დამოუკიდებლად ხდება, ვებ-გვერდის გამოყენებით. ეს არის შესაძლებლობა ყველამ გადავინაცვლოთ არაფორმალურ გარემოში და კიდევ უფრო უკეთ გავიცნოთ ერთმანეთი.

 როგორია საქმიან ქალთა გაერთიანების სამომავლო გეგმები

ამ ეტაპზე ჩვენი ფორუმის მოსამზადებელი  სამუშაოები ძალიან აქტიურ ფაზაში შევიდა და ყველაზე მნიშვნელოვანი სამომავლო გეგმა სწორედ გლობალური ბიზნეს ფორუმის წარმატებულ ჩატარებას უკავშირდება. ზოგადად მომავალში ვგეგმავთ, რომ ღონისძიება გახდეს ყოველწლიური.

კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გეგმა, რომლის განხორციელებაც უკვე დაწყებულია ეს არის მეტი ცნობადობის მოპოვება ქართულ ბაზარზე. საქმიან ქალთა გაერთიანებას კარგად იცნობენ საზღვარგარეთ თუმცა ჩვენ გვსურს, რომ საქართველოშიც მოვიპოვოთ სათანადო ნდობა და აღიარება. კიდევ გვაქვს რაღაც გეგმები და ჩანაფიქრი, თუმცა ამ ეტაპზე მათი გაჟღერებისგან თავს შევიკავებ.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here