15 ივნისს იაპონელი ღვინის იმპორტიორების ჯგუფი, ღვინის მაგისტრის კენიჩი ოჰაშის ხელმძღვანელობით, საქართველოს ერთკვირიანი ვიზიტით ეწვია.

ვიზიტის მიზანი ქართული ღვინის ადგილზე გაცნობა და შემდგომში იაპონელი მომხმარებლისთვის შეთავაზებაა.

კენიჩი ოჰაში ერთი თვის წინ სტუმრობდა საქართველოს და სწორედ მაშინდელი ვიზიტის შედეგად გადაწყვიტა, რომ საქართველოში უკვე იმპორტიორების ჯგუფთან ერთად ჩამოსულიყო.

სტუმრები ეწვივნენ 20-მდე ღვინის კომპანიას ქართლსა და კახეთში, სადაც სხვადასხვა სტილის ღვინო დააგემოვნეს. იაპონელ პროფესიონალებზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება კლასიკურ ღვინოებთან ერთად,  ქვევრის ღვინომ მოახდინა.

„აქ ღვინის დიდი არჩევანია, ქართული ღვინის ხარისხი ძალიან მაღალია, ფასი კი – ხელმისაწვდომი და მიმზიდველია იაპონური ბაზრისა და მომხმარებლისთვის.” – განაცხადა იაპონელმა იმპორტიორმა ტაკაკო ოსავამ და დასძინა, რომ მსგავსი ვიზიტების შედეგად ქართული ღვინო იაპონური ბაზრისთვის უფრო საინტერესო გახდება.

კენიჩი ოჰაში ერთადერთი ღვინის მაგისტრია იაპონიაში. იგი წარმოადგენს ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორ მარკეტინგულ კომპანია „Red Bridge“-ს, რომელიც 2017 წელს ახორციელებს ქართული ღვინისა და მეღვინეობის შესახებ მარკეტინგულ და სარეკლამო კამპანიას იაპონიაში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here