ტურის პირველ შეხვედრაში თბილისის „დინამომ“ საკუთარ მოედანზე ბოლო წლების ერთ-ერთ ყველაზე უხერხულ მეტოქეს, გორის „დილას“ უმასპინძლა. დინამოელებს მეტოქე ეროვნული ჩემპიონატის ეგიდით გამართულ მატჩებში 2013 წლის შემდგომ არ ჰყავდათ დამარცხებული და წარუმატებელი სერია სწორედ აღნიშნულ შეხვედრაში შეწყვიტეს. „დინამო არენაზე“ გამართული მატჩი დედქალაქელთა სრული უპირატესობით წარიმართა და მათი დამაჯერებელი გამარჯვებით – 5:0 დასრულდა.

მოლოდინისამებრ დაძაბული გამოდგა ბათუმის „რაგბი არენაზე“ გამართული ადგილობრივი „დინამოსა“ და „სამტრედიას“ დაპირისპირდება. მატჩი ბათუმელი ფეხბურთელების უპირატესობით წარიმართა, მაგრამ შექმნილი მომენტების რეალიზება სტუმრებმა უკეთ შეძლეს და მინიმალური ანგარიშით 1:0 გაიმარჯვეს. სამტრედიელთათვის მნიშვნელოვანი სამი ქულის მომტანი გოლი 69-ე წუთზე ნიკოლოზ საბანაძემ გაიტანა.

მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა ქუთაისის „ტორპედომ“. ეროვნული ლიგის ერთ-ერთმა მთავარმა ფავორიტმა საკუთარ „რამაზ შენგელიაზე“ ფოთის „კოლხეთს“ უმასპინძლა და ფრედ 0:0 ითამაშა. მართალია გულშემატკივარმა გატანილი გოლები ვერ იხილა, მაგრამ სახიფათო მომენტები ორივე კართან მრავლად შეიქმნა და გოლის გატანის რეალური შესაძლებლობა ორივე გუნდს ჰქონდა.

საჭირო ქულები დაკარგა კიდევ ერთმა იმერულმა კლუბმა. საჩხერის „ჩიხურა“ საკუთარ მოედანზე ქობულეთის „შუქურას“ შეხვდა და ფრედ 1:1 ითამაშა. ანგარიში სტუმრებმა გახსნეს. მე-12 წუთზე დავით ჩაგელიშვილის გამოზომილი გადაცემის შედეგად ხელსაყრელ მდგომარეობაში მარსელინიო აღმოჩნდა და ბრაზილიელმა ლეგიონერმა მომენტი მარტივად დაასრულა
მასირებულმა შეტევებმა შედეგი პირველი ტაიმის მიწურულს გამოიღო. 44-ე წუთზე ლაშა ჩიკვაიძემ შორეული საჯარიმო დარტყმა ზუსტად შეასრულა და წონასწორობა აღადგინა 1:1.

21-ე ტური უხვგოლიანი შეხვედრით დასრულდა. დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე გამართულ თბილისურ დერბიში ერთმანეთს „საბურთალო“ და „ლოკომოტივი“ დაუპირისპირდნენ. შეხვედრა საბურთლოელთა აბსოლიტური უპირატესობით წარიმართა და მათი გამარჯვებით 6:0 დასრულდა.
ანგარიში მე-9 წუთზე გაიხსნა, ლაშა შინდაგორიძის ჩაწოდების შემდეგ თავით დავით ვოლკოვმა გაიტანა. მალევე, მე-16 წუთზე გიორგი ხარაიშვილის გამოზომილი პასის შედეგად ვოლკოვმა დუბლი შეასრულა და საკუთარი გუნდის უპირატესობა უფრო თვალსაჩინო გახადა.
„საბურთალო“ ამაზე არ გაჩერდა და ამ მომენტიდან ზუსტად 4 წუთში საჯარიმოს მისადგომებიდან ეფექტური დარტყმით საკუთარი გოლი გიორგი ხარაიშვილმაც გაიტანა. სამბურთიანი უპირატესობის მიუხედავად გია ჭიაბრიშვილის გუნდი კვლავ აქტიურად უტევდა და პირველი ნახევრის დარჩენილ დროში კიდევ ორი გოლი გავიდა.
29-ე წუთზე ვოლკოვმა ჰეთ-ტრიკი გაიფორმა, 39-ეზე კი, ლაშა შინდაგორიძემ მეხუთედ აიღო რევაზ თევდორაძის კარი. მეორე ტაიმი შედარებით განსხვავებული სცენარით წარიმართა. „საბურთალო“ ისე აქტიურად აღარ უტევდა და ლოკოც პრესტიჟის გოლის გატანას ცდილობდა.
თუმცა კვლავ საბურთალოელებს გაუმართლათ. 54 წუთზე შინდაგორიძემ დუბლი შესრულა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here