ბლოგს უძღვება ფერმერი, ნატალია ფარცხალაძე

არც ისე დიდი ხნის წინ სულ სხვა ინტერესები მქონდა, ვცხოვრობდი  აქტიურად, საკმაოდ დატვირთული რეჟიმით.   ჩემი  საქმიანობა ძირითადად საქართველოს საერთაშორისო იმიჯზე ზრუნვას უკავშირებოდა.   მარკეტინგის მიმართულებით რამდენიმე  მნიშვნელოვან პროექტში ვიყავი ჩართული. ერთი პერიოდი უცხოეთშიც კი მომიწია ცხოვრება. თითქოს ყველაფერი აწყობილი მქონდა, მაგრამ ერთ დღესაც გავიღვიძე და მივხვდი,  რომ ეს არ იყო ის საქმე, რომლის კეთებაც  მინდოდა…რაღაც სხვა მჭირდებოდა.

როდესაც ცხოვრებაში დგება დრო და  გიწევს იმ საქმის მიტოვება, რასაც წლებია აკეთებ, უნდა მონახო ახალი გზა. ამ დროს  ორი ვარიანტი გაქვს: ან აკეთებ იმას, რასაც უცბად წააწყდები, (მაგრამ თუ შენი არ არის, შეიძლება მალე  მოგბეზრდეს,.)ან კარგად  უნდა გაერკვე, კონკრეტულად  რისი კეთება გინდა და მოქმედება დაიწყო.

რადგან უკან მოსაბრუნებელი გზა აღარ იყო, წინ კი  – უფერული პერსპექტივა, გადავწყვიტე  ყველაფერი თავიდან დამეწყო. მინდოდა შემექმნა რაიმე ისეთი, რასაც ლამაზად დაეწერებოდა „წარმოებულია საქართველოში“, რაც მეც ძალიან მომეწონებოდა და სხვებსაც გამოადგებოდა.  ის, რაც იქნებოდა ქართული, ორიგინალური და ესთეტიკური. თან ძალიან კონკრეტული და მატერიალური – ფიზიკურად ხელშესახები. რაღაც, რაც იქნებოდა ფასეულობაზე დაფუძნებული მათთვის, ვინც ამ ფასეულობებს იზიარებს. გემრიელი – მათთვის, ვინც იცის გემოს ფასი, სასარგებლო მათთვის, ვინც მისდევს ჯანმრთელ ცხოვრებას, ესთეტიკური მათთვის, ვისაც აქვს გემოვნება, ხარისხიანი – მათთვის, ვინც აფასებს ხარისხს, და ის, რაც იქნება ცოტა – რადგან რაც ძალიან კარგია, ვერ იქნება ბევრი.

როცა დავფიქრდი, რა აკმაყოფილებდა ჩამოთვლილ კრიტერიუმებს და რა სურდა ყველას, გადავწყვიტე  ჩაისა და ბალახეული ჩაის წარმოება დამეწყო.

პირველ ეტაპზე, ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ დახმარებით გავიარე პროფესიული ტრენინგები და კონსულტაციები,  მოვიძიე ყველანაირი ინფორმაცია   ბალახეული ჩაის შესახებ. მინდოდა მეცნიერულ დონეზე, საფუძვლიანად შემესწავლა ეს მიმართულება და შემდეგ  გამეკეთებინა კვლევები. დავუკავშირდი  ბოტანიკოსებს, ფიტოთერაპევტებს, ვისთანაც ხელი მიმიწვდებოდა და მხოლოდ ამის შემდეგ დავიწყე გრანტის მოძიება.

პირველი, ვინც იდეა მომიწონა და ჩემს შესაძლებლობებში  დარწმუნდა, „ოქსფამ საქართველო“ იყო. „ენპარდის“ მიერ მოცემული გრანტის საშუალებით,  ჩემს აგარაკზე, კასპის რაიონის სოფელ ლავრისხევში, მიკრო საწარმო ავაშენე, ასევე გავაშენე წვეთოვანი მორწყვის სისტემით აღჭურვილი ბაღი, სადაც საფრანგეთიდან ჩამოტანილი როზმარინის, ლავანდას და კიდევ რამდენიმე ბალახის თესლი დავთესე.

ამ ყველაფრის შემდეგ მივედით წარმოებამდე, ასე გაჩნდა ,,კონა“ – სურნელის, გემოს,  ვიზუალის, ხარისხისა და ამბავის კომბინაციებმა შექმნა   კომპოზიციები: ალი და ნინო – სიყვარულის კონა, ზენა – დეტოქსი, აღმოსავლური ზღაპარი – სითბოს კონა, ცია – სიგრილის კონა, ნაინა – ტკბილი ძილის კონა, მარადიული გაზაფხული – სილამაზის კონა.

„კონა“ ბაზარზე ზუსტად ერთი წლის წინ,  12 სახეობის ჩაით გამოჩნდა. ის დღემდე იმკვიდრებს ადგილს, როგორც პრემიუმ ხარისხის, ქართული არაინდუსტრიული ბრენდი. კონას გამაში არსებულ ოთხ კოლექციაში (Wellness collection,  Herbal Zen collection, Guria Grand Cru Collection, Epicurean Collection ) შედის  9 სახეობის ბალახეული ნაკრები და 3 სახეობის ჩაი, ჩვენი პროდუქცია საქრთველოს მასშტაბით იყიდება რამდენიმე მაღაზიაში და   ასევე ვებ-გვერდის საშუალებით.

„კონა“ საქართველოს გარდა, იყიდება  ჰოლანდიაში, სადაც უცხოურმა კომპანიამ გაიტანა  საექსპორტოდ.

  „ობსერვერის“ მკითხველს, ექსკლუზიურად მინდა გავუმხილო –  გვაქვს კიდევ ერთი სიახლე – ჩვენი პროდუქციის დაბადების ერთი წლის თავზე და საახალწლოდ, ,,კონა’’ ჩაის მოყვარულებს სთავაზობს ლამაზ სიახლეს   – კოტონის ხელნაკეთ ერთჯერად ტომრებს, 12 სხვადასხვა ყვავილით დამშვენებულს. ბუნებრივია – ეს ლიმიტირებული კოლექციაა, მაღალი მოდა (Haute couture) ჩაიში.  ახალი პროდუქტი ,,კონას“ კრედოს გაგრძელებაა – Pauca sed bona – ცოტა, მაგრამ საუცხოო. ვფიქრობთ, ეს იდეა  წარმატებული იქნება.

ბოლოს, მინდა საკუთარი ბიზნესის წამოწყებით დაინტერესებულ მკითხველს, რამდენიმე რჩევა დავუტოვო:

ვიდრე რაიმეს წარმოებას დაიწყებთ, დაფიქრდით შემდეგზე:

  • ვიღაცას აქვს კავშირები, ვიღაცას ფული, ვიღაცას განათლება და შენ რა გვაქვს ისეთი, რაც არ აქვს სხვას?
  • ამის შემდეგ კი მოუსმინე ყველას რჩევას  მაგრამ გაითვალისწინე მხოლოდ ის, თუ რას ფიქრობს შენი ბაზარი შენს პროდუქტზე, ანუ რა სურს მომხმარებელს.

 

 

 

 

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here