რუბრიკა “ფერმერის ბლოგი” ამჟამად დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაღაროსკარის მკვიდრს, ფერმერ – ლელა ნათობიშვილს გაგაცნობთ:

“საკუთარი საქმიანობის წამოწყებაზე არაერთხელ მიფიქრია, თუმცა  იდეის განხორციელება  მას შემდეგ შევძელი, რაც ჩვენს თემში, სოფლად მცხოვრები ქალების ინიციატივითა და დონორი ორგანიზაციების დახმარებით შექმნილმა, სათემო სარესურსო ცენტრმა და ფონდმა „ტასომ“,  საქმიანობის წამოწყებაში მხარდაჭერა გამომიცხადა, არასამთავრობო ორგანიზაციამ “სოფლად თემთა განვითარების სააგენტო” (RCDA) კი საგრანტო კონკურსში ჩემი იდეა დააფინანსა.

ფონდისა და ორგანიზაციის წევრების  რჩევებისა და საკუთარი ინტერესების შეჯამების შედეგად, ჯერ სამომავლო საქმიანობის სფერო შევარჩიე – დამბალი ხაჭოს წარმოება.  შემდეგ კი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაღაროსკარში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „ფერმერის სახლი“ ჩამოვაყალიბე და  მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი – საწველი ძროხები შევიძინე.

დამბალი ხაჭო ფშავური პროდუქტი და ქართული სამზარეულოს ერთ-ერთი ეგზოტიკური კერძია, მისი დამზადების ტექნოლოგიას დღეს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული. როგორც ქართველების, ისე უცხოელი ტურისტების მხრიდან პროდუქტის მიმართ ინტერესი დღიდიდღე იზრდება, თუმცა  მიუხედავად ამისა, მისი მომზადების უძველესი ტრადიცია ნელ-ნელა იკარგება. სწორედ ამიტომ, საკუთარი წარმოების დაწყებამდე გადავწყვიტე მომევლო სხვადასხვა სოფელი და მენახა ძველი თაობის ის ადამიანები, რომელთაც დამბალი ხაჭოს  მომზადება წინაპრებმა ასწავლეს, გამოცდილი მოხუცების  რჩევების გათვალისწინებით კი შეიძლება ითქვას, რომ დამბალი ხაჭოს დამზადების უძველესი ტექნოლოგია გავაცოცხლე.” – ლელა ნათობიშვილი.

ლელა ნათობიშვილის ბლოგი სრული სახით დაიბეჭდა გაზეთ “ობსერვერის” 6 ნოემბრის ნომერში:

 

 

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here