2016 წლის 8 ნოემბერს, აშშ–ს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება სატელევიზიო პროექტების ვარსკვლავმა, მილიარდერმა დონალდ ტრამპმა მოიპოვა. ტრამპის გამარჯვება მოულოდნელი აღმოჩნდა ყველასთვის, გარდა მისი ამომრჩევლებისა და რუსეთისა. უკვე წელიწადზე მეტია, რაც აშშ–ის გამოძიებათა ფედერალური ბიურო აშშ–ს საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის ფაქტსა და ამ პროცესთან ტრამპის საარჩევნო კამპანიის კავშირის შესახებ გამოძიებას ატარებს. გასულ კვირას, როცა  ბიურომ  დაკავების ორდერი გასცა  ტრამპის საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელ პოლ მანაფორტზე, რუსეთის გავლენა აშშ–ის შიდაპოლიტიკურ პროცესებზე კვლავ საერთაშორისო მედიის ინტერესის საგანი გახდა.

სტატია იმის შესახებ, თუ ვინ არიან ამბის მთავარი ანტაგონისტები, როგორ შეეძლო რუსეთს ამერიკელ ამომრჩეველზე გავლენის მოხდენა და რა მნიშვნელობა აქვს აღნიშნულ ფაქტს საერთაშორისო დონეზე  შეგიძლიათ იხილოთ გაზეთ “ობსერვერის” 6 ნოემბრის ნომერში. მანამდე კი გაეცანით ნაწყვეტს სტატიიდან.

ამერიკელი სამართალდამცველებისთვის პასუხი კითხვაზე: ჩაერია თუ არა რუსეთი 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში – ცალსახაა და ეს პასუხია „დიახ“. წინასაარჩევნო პერიოდში რუსეთმა ჰაკერული თავდასხმა მოაწყო დემოკრატიული პარტიის კანდიდატ ჰილარი კლინტონზე. შედეგად, დემოკრატიული პარტიის კამპანიის ელექტრონული მიმოწერა გახდა ცნობილი. რუსეთი აქტიურად იყენებდა საკუთარ რესურსებს სოციალურ ქსელებში (განსაკუთრებით თვითერსა და ფეისბუკზე), შექმნა რა უამრავი ყალბი ანგარიში ამერიკული სახელებით და ავრცელებდა ცრუ ინფორმაციას ტრამპის მოწინააღმდეგეების შესახებ. რუსეთმა წარუმატებელი თავდასხმა განახორციელა აშშ–ს ელექტრონულ საარჩევნო სისტემაზე. ამერიკელ სამართალდამცველებს ჯერჯერობით არ აქვთ პასუხი კითხვაზე – იცოდნენ თუ არა ამის შესახებ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართულმა პირებმა და უჭერდნენ თუ არა მხარს რუსეთის ამ ქმედებებს, ან უბრალოდ საჯაროდ ამაზე არ საუბრობენ. თუ კი აღნიშნული დადასტურდა, დამნაშავეებს ქვეყნის წინაშე ჩადენილი ბრალდებით გაასამართლებენ.

აშშ–ს დემოკრატიული განვითარების ხანგრძლივი და რაც მთავარია უწყვეტი ტრადიცია აქვს. ამ უწყვეტობას კი სხვა ფაქტორებთან ერთად, განაპირობებდა ის ფაქტი, რომ მის შიდაპოლიტიკურ პროცესებში სხვა სახელმწიფოებს ჩარევა არ (ან ვერ) შეეძლოთ. 2016 წელს რუსეთმა ეს საუკუნოვანი ტრადიცია დაარღვია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here