ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზის მნიშვნელობასა და მასთან დაკავშირებული გამოწვევების შესახებ ვესაუბრეთ საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის (რონდელის ფონდის) უფროს მეცნიერ–თანამშომელს ვალერი ჩეჩელაშვილს.

ამონარიდი:

– რკინიგზამ კიდევ უფრო იზოლირებული დატოვა სომხეთი რეგიონში. როგორია სომხეთის დამოკიდებულება პროექტში საქართველოს მონაწილეობის მიმართ და ეს პროექტი ხომ არ გააუარესებს ამ ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობას?

– რა თქმა უნდა იზოლირებული სომხეთი შეწუხებული იყო  ამ ფაქტით და საქართველოს მთავრობას შესაბამისს წერილებს უგზავნიდა.  მაშინ მე საგარეო საქმეთა სამინისტროში ვმუშაობდი და უშუალო შეხება მქონდა ამ საკითხებთან.   პროექტის რეალიზაციას სომხეთი  აღიქვამდა, როგორც მისი იზოლაციისკენ გადადგმულ კიდევ ერთ ნაბიჯს და გვარწმუნებდა, რომ საქართველომ, როგორც მეგობარმა ქვეყანამ ამაში მონაწილეობა არ უნდა მიიღოს.

ჩვენ, ჩვენს სომეხ კოლეგებსა და პარტნიორებს ძალიან გულახდილად ვუხსნიდით არსებულ სიტუაციას, რომელიც მდგომარეობდა შემდეგში: (ეს ტენდენციები მეტწილად დღესაც შენარჩუნებულია) ჩვენი მთავარი სავაჭრო პარტნიორი იყო თურქეთი, დაახლოებით 1 მილიარდი დოლარის სავაჭრო ბრუნვით,  მეორე პარტნიორი კი იყო აზერბაიჯანი  – 800 მილიონი დოლარის საქონელბრუნვით. სომხეთისთვის  ეს მაჩვენებელი დაახლოებით 150 მილიონ დოლარს შეადგენდა. გარდა ამისა, აზერბაიჯანი და თურქეთი მილიარდობით დოლარის ინვესტიციას ახორციელებდნენ ქვეყნის ეკონომიკაში, რაც განსაზღვრავს სამუშაო ადგილებს, შემოსავლებს, ბიუჯეტს, კეთილდღეობას, ლარის კურსის სტაბილურობას და ა.შ. სომხეთის ინვესტიციები იყო 10–15 მილიონი დოლარი.

კონკრეტულად ამ პროექტით ჩვენ ვიღებდით დამატებით 700 მილიონ დოლარს, რომლის ლომის წილიც მოდიოდა ეთნიკური სომხებით დასახლებულ საქართველოს ისეთ ტერიტორიებზე, როგორიც არის ახალქალაქი. ლიანდაგების შეცვლა და საბჭოთა სტანდარტიდან ევროპულზე გადასვლა, სწორედ ახალქალაქის სადგურზე ხდება.  ბუნებრივია, ეს დასაქმებისა და ეკონომიკური განვითარების პერსპექტივებს ქმნიდა სომხებით დასახლებულ რეგიონებში.

ამ პროექტზე უარის თქმით საქართველო გაანაწყენებდა თავის  მთავარ პარტნიორებს და გააუარესებდა ეკონომიკურ მდგომარეობას, შესაბამისად ქვეყანა მნიშვნელოვნად შესუსტდებოდა. სუსტი საქართველო ხელს არ აძლევს არც სომხეთს, თუ ჩვენ მათი მეგობარი და პარტნიორი სახელმწიფო ვართ.

სომხეთმა ჩვენი არგუმენტები გაიზირა. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ეს პროექტი აუცილებლად შეუწყობს ხელს საქართველოს სომეხი მოსახლეობის ეკონომიკურ კეთილდღეობას.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here