რუბრიკა “ფერმერის ბლოგი” ამ კვირაში ფერმერ ლია ბოძაშვილს გაგაცნობთ, რომელმაც დუშეთის რაიონის სოფელ შარახევში ტყის არამერქნული პროდუქტების მოპოვება და გადამუშავება დაიწყო.

ასე მგონია ერთი დღეც ვერ გავძლებ ჩემი სოფლის გარეშე.   პროფესიით იურისტი გახლავართ.  სამსახურიც კაი მქონდა, აქვე   თიანეთის პროკურატურაში ვმუშაობდი, მაგრამ დიდხანს ვერ გავჩერდი და  რამდენიმე წლიანი მუშაობის შემდეგ, საცხოვრებლად კვლავ ჩემს შარახევში დავბრუნდი.

სოფელში რომ ძალიან ჭირს ცხოვრება ყველამ იცის, სამსახურის შოვნა აქ კი არა, ქალაქშია გაძნელებული.    შარახევში რომ დავბრუნდი, მივხვდი რაღაც უნდა მომეფიქრებინა, ჩემი ასე გაჩერება არ შეიძლებოდა, და მოვიფიქრე – ღორების მოშენება დავიწყე. თავიდან გამიჭირდა, ნელ-ნელა ავაწყვე საქმე. ნამატიც მქონდა, თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა…    ერთ დღესაც ღორის გრიპმა, ჩემი გამოზრდილი ყველა ღორი დამიხოცა.

ახალი საფიქრალი გამიჩნდა – სოფელში სხვა რა საქმე უნდა წამომეწყო,  რომელსაც ჩავეჭიდებოდი, განვავითარებდი  და   მისგან გარკვეულ შემოსავალსაც  მივიღებდი. ათასნაირი იდეა მომდიოდა თავში. ერთხელაც  დუშეთის მაშინდელ დეპუტატს,  სალომე კაკაბლიშვილს შევხვდი, სწორედ მან გამაცნო ახალი პროექტი, რომელსაც საკმაოდ გრძელი სათაური ჰქონდა – „ტყის არამერქნული პროდუქტების შეგროვება და გადამუშავება – ქალთა ჯგუფებისთვის ბაზრების მოპოვების შესალებლობა“ დიდხანს ვისაუბრეთ,  მირჩია მეც მიმეღო ამ პროექტში მონაწილეობა.

გამოგიტყდებით, იმ დროისთვის, ბევრი არაფერი ვიცოდი  ტყის არამერქნულ რესურსებზე. გადავწყვიტე კონსულტაცია გამევლო  პროექტის მთავარი განმახორციელებელი ორგანიზაციის, „სოფლად თემთა განვითარების სააგენტოს“- (RCDA) წარმომადგენლებთან.  სწორედ მათგან შევიტყვე,   რომ ტყის არამერქნულ რესურსებს განეკუთვნებოდა ტყეში არსებული ყველა სახის ბიოლოგიური პროდუქტი,  ხის მერქნის გარდა. ასევე გავიგე, რომ საქართველოში და კონკრეტულად ჩვენს რეგიონში, ამ  რესურსების უზარმაზარი  მარაგია და რომ დღეს  ამ პროდუქციაზე,  მსოფლიო ბაზარზე საკმაოდ  დიდი მოთხოვნაა.

პროექტის ფარგლებში, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, ხუთი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივისთვის,  ტყის არამერქნული რესურსების გადასამუშავებელი 5 საწარმოს გახსნა დაიგეგმა. ვინაიდან, მაღალმთიანი სოფლის მოსახლეობისთვის მსგავსი ინიციატივები სიღარიბის დაძლევის რეალური შესაძლებლობაა, ჩავთვალე, რომ ეს შანსი ხელიდან არ უნდა გამეშვა და პროექტის  მონაწილეთა შესარჩევ ტურში მივიღე მონაწილეობა. კონკურსი   წარმატებით გავიარე და პროექტის ოფიციალური ბენეფიციარიც გავხდი.

შარახევში  კოოპერატივი „შარახევი 1“ ჩამოვაყალიბე. მალე მის ბაზაზე ხილის საშრობით აღჭურვილი საწარმო აშენდა.

ლია ბოძაშვილის ბლოგი სრული სახით გამოქვეყნდა გაზეთ “ობსერვერის” 13 ნოემბრის ნომერში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here