რითი ჰგვანან და განსხვავედიან ერთმანეთისგან თბილისის ამჟამინდელი მერი კახა კალაძე და მისი წინამორბედი დავით ნარმანია?

იხილეთ ჩვენი სტატია ობსერვერის 13 ნოემბრის გამოცემაში. მანამდე კი გაეცანით ამონარიდს სტატიიდან:

პირველი ნაბიჯები მერიაში

ნარმანია მერის უფლებამოსილების განხორციელებას 2014 წლის 2 აგვისტოს შეუდგა. კალაძემ პოსტი ოფიციალურად 2017 წლის 13 ნოემბერს დაიკავა, თუმცა მმართველობის სტილში განსხვავება  უკვე საგულისხმოა.

2014 წელს, თავისი  მერობის პირველ დღეს, ნარმანია საკრებულოს ახლადარჩეულ თავმჯდომარე, გიორგი ალიბეგაშვილთან ერთად მივიდა   ოფისში და განაცხადა: „ჩვენ ერთი გუნდი ვართ, ამიტომ ძალიან მჭიდრო თანამშრომლობის რეჟიმში გვექნება მუშაობა. ძალიან კარგ და ბევრ სასიკეთო საქმეს გავაკეთებთ ერთად“. პირველი სამუშაო დღე კი, პრიორიტეტების განსაზღვრასა და მომავალი წლის სამუშაოების დაგეგმვას დაუთმო. ამ დღესვე, ორშაბათი მოქალაქეთა მიღების დღედ გამოაცხადა და მზადყოფნა გამოთქვა მოსახლეობასთან პირდაპირი კომუნიკაცია დაემყარებინა. შემდეგ ორშაბათი,  პარასკევით შეცვალა. ვერ გეტყვით ზუსტად რამდენი პარასკევი დაუთმო მოსახლეობასთან უშუალო კომუნიკაციას, რადგან შეხვედრების ფორმატში მონაწილეობას მისი მოადგილეები და მერიის დეპარტამენტების ხელმძღვანელებიც იღებდნენ, თუმცა ფაქტია, რომ  მან თავის კაბინეტში უხმო საზოგადოებას და აღნიშნული ფორმატი მერობის ვადის ამოწურვამდე შეინარჩუნა.

კალაძემ, ნარმანიასგან განსხვავებით, ინიციატივა მერის სავარძლის ოფიციალურად დაკავებამდე გამოიჩინა.   მან თბილსერვისის ჯგუფს მიწისქვეშა გადასასვლელების დასუფთავება და მათი განათებით აღჭურვა დაავალა. თუ  გავითვალისწინებთ თბილსერვისის ოპერატიულობასა და მონდომებას, ნათელი ხდება, რომ კალაძის ბრძანება მათ წინასწარვე იცოდნენ და რომ ახალმა მერმა მოსახლეობის კეთილგანწყობის მოპოვებაზე ზრუნვა უკვე დაიწყო.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here