სად ჩატარდა მეორე ტური
12 ნოემბერს მერის არჩევნების მეორე ტური 6 მუნიციპალიტეტში გაიმართა. ქუთაისი, ყაზბეგი, ხაშური, ოზურგეთი, ბორჯომი და მარტვილი სწორედ ის თვითმმართველი ერთეულებია, სადაც 21 ოქტომბრის არჩევნების შედეგები მერის გამოსავლენად საკმარისი არ აღმოჩნდა.

დამოუკიდებელი კანდიდატები მმართველი პარტიის წინააღმდეგ
21 ოქტომბერს „ქართულ ოცნებას“ დაუპირისპირდნენ კანდიდატები, რომელთაც არ ჰქონიათ ისეთი მნიშვნელოვანი ბერკეტი, როგორიცაა პარტიული გავლენა. მათ დამოუკიდებლად შეძლეს ამომრჩევლის დიდი ნაწილის მხარდაჭერის მოპოვება და გამარჯვებისათვის ბრძოლა მეორე ტურში გააგრძელეს. თუმცა, აღსანიშნავია თიანეთის შემთხვევა, სადაც დამოუკიდებელმა კანდიდატმა თამაზ მეჭიაურმა „ქართული ოცნების“ კანდიდატი პირველივე ტურში 1 ხმის სხვაობით დაამარცხა.

ოზურგეთი – რეალური შანსი
ხაშურისგან განსხვავებით, სადაც პირველი ტურის შედეგებით, დამოუკიდებელ კანდიდატ რამაზ ნოზაძეს თითქმის 24% აშორებდა „ქართული ოცნების“ კანდიდატს, ოზურგეთის შემთხვევა ნამდვილად გამორჩეული და უპრეცედენტო იყო. როგორც ვნახეთ, არჩევნების პირველ ტურში დამოუკიდებელი კანდიდატის კონსტანტინე შარაშენიძის შედეგი (41.86%) ძალიან მიუახლოვდა მმართველი პარტიის კანდიდატის მიერ მიღებულ 43.35%-ს, მაშინ, როცა სხვა მუნიციპალიტეტებში გაცილებით დიდი სხვაობა დაფიქსირდა.

შესაბამისად, გასაკვირი არ ყოფილა, რომ მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდი ყველაზე დაძაბულად ოზურგეთში წარიმართა. სწორედ წინასაარჩევნო გარემოსა და მოლოდინებზე ვესაუბრეთ ოზურგეთის მერობის კანდიდატ კონსტანტინე შარაშენიძეს,  მეორე ტურამდე ერთი დღით ადრე.

შარაშენიძე ღრმად იყო დარწმუნებული საკუთარ წარმატებაში და ჩვენთან საუბარშიც აღნიშნა, რომ ყველა სტატისტიკა, გამოკითხვა თუ შეუიარაღებელი თვალით დანახული რეალობა მიანიშნებდა, რომ მისი დამარცხების შანსი არ არსებობდა, სხვა შემთხვევაში ეს იქნებოდა არჩევნების გაყალბება, რასაც ოზურგეთელი ხალხი არ მოითმენდა.

დამკვირვებელთა შეფასებით, არჩევნების მეორე ტურმა მშვიდად ჩაიარა. დღის განმავლობაში დაფიქსირებული დარღვევების უმრავლესობა პროცედურული ხასიათის იყო და შედეგზე გავლენა არ მოუხდენია.

არჩევნების ორივე ტურის დასრულების შემდეგ მივიღეთ სურათი, რომ „ქართული ოცნება“ კვლავ დარჩა თვითმმართველობის დომინანტ ძალად. დამოუკიდებელი თუ ოპოზიციური ძალების გარკვეული წარმატების მიუხედავად, მმართველმა პარტიამ არ დათმო ბერკეტები და კვლავ პოლიტიკური ამინდის შემქმნელ ძალად დარჩა ქვეყანაში.

სრული სტატია დაიბეჭდა OBSERVER-ის 13 ნოემბრის ნომერში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here