ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი საქართველოს სახელმწიფო ვიზიტით 31 ოქტომბერს ეწვია და სამუშაო შეხვედრები 2 ნოემბერს დაასრულა.

ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი საქართველოს პრეზიდენტთან, გიორგი მარგველაშვილთან ერთად, გორის რაიონის სოფელ ხურვალეთში საოკუპაციო ხაზთანაც მივიდა. მან Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში, საოკუპაციო ხაზთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და საქართველოსა და ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთს შორის გავლებულ მავთულხლართებს, ბოროტების ხაზი უწოდა: „ამის მიღება და დავიწყება შეუძლებელია,“ – ასე შეაფასა მან არსებული ვითარება.

საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ძალისხმევას ესტონეთი ცალსახად მხარს უჭერს. როდის გაიხსნება ფანჯარა, ჯერ ცნობილი არ არის, მაგრამ ამისთვის მზად უნდა იყოთ, – ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი.

კალიულაიდი, ქართულ-ესტონური ბიზნეს ურთიერთობების განვითარების დიდ პერსპექტივას ხედავს და ფიქრობს, რომ ინოვაციური თავდაცვის კუთხით ქართულ კომპანიებთან თანამშრომლობის გაზრდა ნამდვილად შესაძლებელია. პრეზიდენტი არ გამორიცხავს, რომ დიდი ტექნოლოგიების შემდეგი „ლაბორატორია” ესტონური მაგალითის კვალდაკვალ, შესაძლოა სწორედ ამ რეგიონში განლაგდეს.

ჩვენ ყველას გვსურს საქართველოს წინსვლაში წვლილის შეტანა, ასევე გვსურს ჩვენი ევროპელი პარტნიორების ჩამოყვანა, რომ მათაც შეიტანონ წვლილი საქართველოს განვითარებაში. მე მაქვს საქართველოს ეკონომიკური მომავლისა და სამოქალაქო საზოგადოების რწმენა, ასევე მჯერა საქართველოს მისწრაფებების ევროპასა და ნატოსთან დაკავშირებით, – აღნიშნა კალიულაიდმა თბილისში გოლფის კომპლექსის გახსნაზე.

კერსტი კალიულაიდმა აღნიშნა, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია, რომელსაც აუცილებლად ექნება გაგრძელება და წარმატებები უსურვა ესტონურ-ქართულ ბიზნესსა და ქართულ სახელმწიფოს.

სრული სტატია დაიბეჭდა OBSERVER-ის 6 ნოემბრის ნომერში.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here