იტალიური სამზარეულოს კვირეული წელს უკვე მეორედ 100-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში ტარდება. იტალიის საელჩო ღონისძიებათა ფართო არჩევანს გვთავაზობს, რომელიც დატვირთულია სადილებითა და მასტერკლასებით. სპეციალურად კვირეულისთვის საქართველოს სამი ცნობილი იტალიელი შეფმზარეული ფრანჩესკო მორა, ატილიო ალბაკიარა და ნინო დი კოსტანცო სტუმრობს.

საქართველოში იტალიის ელჩის მეუღლე ქალბატონი ესტერ ბარტოლი მოგვითხრობს იტალიის არაჩვეულებრივად მრავალფეროვან სამზარეულოსა და კვების ტრადიციებზე.

  • 2017 წლის 19 ნოემბერს საქართველოში იტალიური სამზარეულოს დღეები დაიწყო. რა იგეგმება ღონისძიების ფარგლებში?

წლევანდელი კვირეული ხარისხიან სამზარეულოსა და ღვინოზეა ორიენტირებული, ეს ის წარმატებული კომბინაციაა, რომლის წყალობით იტალიური სამზარეულო პოპულარულია მსოფლიოში. კვირეულის ფარგლებში ჩვენი საელჩო ორგანიზებას უწევს მიშლენის ვარსკვლავის მქონე მზარეულების სადილებსა და მასტერკლასებს, დეგუსტაციებს და კინოჩვენებებს. ასევე პიცის წვეულებას, რომელსაც მასპინძლობს ნეაპოლში ცნობილი პიცის შემქმნელი, რომელიც 2016 წელს თავის კოლეგებთან ერთად გადაეცა მსოფლიოს გინესის რეკორდი ყველაზე გრძელი პიცისთვის: 1,8 კმ ნეაპოლში. აღსანიშნავია, რომ იტალიამ წარადგინა ნეაპოლიური პიცის ხელოვნების კანდიდატურა იუნესკოს მსოფლიო არამატერიალური მემკვიდრეობის სიაში.

  • მოგვვიყევით ცნობილი იტალიურ სამზარეულოს შესახებ, რით არის ის გამორჩეული?

იტალიაში გვაქვს ყველაზე დიდი რაოდენობით სერტიფიცირებული პროდუქტი, 200 სხვადასხვა ტიპის პასტა, 400 სახეობის ყველი, 800 ყურძნის ჯიშები. ჩვენ ვართ ღვინის პირველი მწარმოებელი და 600 სხვადასხვა ტიპის ძეხვეულის ექსპორტიორი.

იტალიური სამზარეულო მრავალფეროვანია და რეგიონული სამზარეულოს ნაზავს წარმოადგენს. ასე რომ, თითქმის შეუძლებელია ლაპარაკი “ნაციონალური” სამზარეულოს შესახებ. მიუხედავად ამისა, ჩვენ შეგვიძლია გამოვყოთ რამდენიმე ფუნდამენტური ასპექტი, რომელსაც ნახავთ ყველა იტალიურ რეცეპტში, ეს არის: ახალი ინგრედიენტები, ტრადიციის პატივისცემა და სიმარტივე. ჩემთვის ეს უკანასკნელი ყველაზე მნიშვნელოვანია: იტალიური რეცეპტები, როგორც წესი, მოიცავს რამდენიმე ინგრედიენტს და არის ძალიან დახვეწილი, რათა შეინარჩუნოს და გამოხატოს თითოეული კომპონენტის არომატი. ამიტომ თუნდაც მარტივი “pappa al pomodoro”-ც საოცრად გემრიელია.

  • თქვენ თუ ამზადებთ კერძებს ოჯახისთვის?

დიახ, მე მიყვარს კერძების მომზადება. ეს არის კიდევ ერთი გზა ვუთხრა ადამიანებს ვინც მიყვარს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ის ჩემთვის.

  • რომელ კერძს ამზადებთ ყველაზე ხშირად?

ბადრიჯნის პარმიჯანა და მრავალი სხვა. ლაზანია სხვადასხვა ვერსიებში: ბოლონეზი, პესტო, სოკო. სიცილიურად მომზადებული თევზი შიმშერი, “meatloaf” (გატარებული და შეზავებული ხორცი შემწვარი პურის ფორმაში), დესერტებიდან – ტირამისუ. მაგრამ მაკარონი არის ჩემი საფირმო კერძი. მაგალითად, სპაგეტი ზღვის პროდუქტებით.

  • რა საერთო აქვთ ქართულ და იტალიურ სამზარეულოს?

ორივე სამზარეულოში ბოსტნეული არის მთავარი ინგრედიენტი. ასევე ცომეული. ჩვენ ორივეს გვაქვს ფერადი და მრავალფეროვანი სამზარეულო. ვფიქრობ, ჩვენთან თევზი უფრო პოპულარულია, ხოლო თქვენთან ხორციანი კერძები ჭარბობს.

  • გიცდიათ ამ ორი სამზარეულოს მიქსი, მაგალითად რაღაც ნახევრად ქართული და ნახევრად იტალიური თუ მოგიმზადებიათ? რამდენად კარგად ჩაიარა ექსპერიმენტმა?

მოცარელას ნაცვლად, სულგუნის ყველი გამომიყენებია პიცაზე. იგი სხვაგვარად დნება და უფრო მარილიანია. მაგრამ ეს ძალიან კარგია. მე ასევე გამომიყენებია ქართული რიკოტა (ნადუღი).

  • რას ურჩევდით ადამიანებს, ვისაც უყვარს სამზარეულოში ტრიალი?

ეს შემოქმედებითი პროცესია, ამიტომ არ შეზღუდოთ თქვენი ფანტაზია. ნუ შეწყვეტთ ექსპერიმენტებს, ცადეთ ახალი რეცეპტები და შექმენით თქვენი გემოები, რომლებსაც თქვენს საყვარელ ადამიანებს გაუზიარებთ. 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here